ლუკ. 18
18
უსამართლო მსაჯული
1უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.
2თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა.
3იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.’
4დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: ‘მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია,
5მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.’“
6თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
8თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“
9ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი:
10„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად – ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.
11ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა.
12კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’
13ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’
14თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“
„გამოუშვით ბავშვები ჩემთან“
15მოუყვანეს მას ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ.
16იესომ დაუძახა მათ და თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.
17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ.“
მთავრის შეკითხვა
18ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
19უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა.
20იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“
21მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“
22ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.“
23ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
24შეხედა მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში!
25ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“
26მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?“
27მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.“
28თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“
29მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,
30და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლე.“
უწყება იესოს სიკვდილზე
31წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე.
32რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ,
33გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“
34მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.
ბრმის განკურნება
35იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა.
36გამვლელი ხალხის ხმა გაიგონა და იკითხა: „რა ამბავია?“
37უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო.
38მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“
39წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“
40შეჩერდა იესო და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა:
41„რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“
42იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“
43და იმწამსვე აეხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.
Currently Selected:
ლუკ. 18: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002