YouVersion Logo
Search Icon

იოან. 6

6
ხუთი ათასი კაცის გაძღება
1ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა.
2უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე.
3ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
4ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
5იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“
6ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიქმედებდა.
7მიუგო მას ფილიპემ: „ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს.“
8ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა:
9„აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“
10თქვა იესომ: „უთხარით ხალხს, დასხდნენ.“ ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა.
11აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.
12როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს.“
13მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
14მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც სოფელში უნდა მოსულიყო.“
წყალზე სიარული ფეხით
15იესომ იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად, რათა გაემეფებინათ იგი, და კვლავ განმარტოვდა მთაზე.
16როცა მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვაზე.
17ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ჩამობნელებული იყო, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
18ძლიერმა ქარმა დაუბერა და ზღვა აღელდა.
19ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ.
20ის კი ეუბნება მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“
21უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადაც მიდიოდნენ.
პური სიცოცხლისა
22მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.
23სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
24როცა დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად.
25და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“
26მიუგო იესომ და უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
27ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“
28უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“
29მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა.“
30უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?
31ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“
32უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
33რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს.“
34უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“
35უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.
36მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ.
37ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
38რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
39ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“
პეტრე აღიარებს იესოს ღვთის ძედ
41იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული.“
42თქვეს: „ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“
43მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
44არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
45წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის.
46ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა.
47ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
48მე ვარ პური სიცოცხლისა.
49თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ.
50ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს.
51მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.“
52იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ: „როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?“
53უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.
54ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს.
55რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი.
56ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე – მასში.
57როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში.
58ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.“
59ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60ბევრი მისი მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა?“
61იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ?
62თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო?
63სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა.
64მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.“ რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.“
66ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას.
67მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“
68მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
69ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“
70მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია.“
71თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.

Currently Selected:

იოან. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in