YouVersion Logo
Search Icon

იოან. 2

2
პირველი სასწაული კანაში
1მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო.
2იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში.
3და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: „ღვინო აღარა აქვთ.“
4ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“
5ეუბნება დედამისი მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“
6იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისთვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა.
7ეუბნება მათ იესო: „დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც დაავსეს პირთამდე.
8და ეუბნება მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს.
9როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს
10და ეუბნება მას: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს.“
11ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა.
12ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს.
ტაძრიდან ვაჭრების გარეკვა
13ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს.
14ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი.
15გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, კერმის გადამცვლელებს კერმა დაუბნია და დახლები აუყირავა.
16მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად.“
17გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“
მისი სხეული ტაძარია
18მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“
19მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“
20უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“
21ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.
22როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.
მისი სასწაულით ბევრმა ირწმუნა
23ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი.
24თვითონ იესო არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა.
25არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში.

Currently Selected:

იოან. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in