იოან. 10
10
მე ვარ მწყემსი კეთილი
1„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი.
2ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი.
3მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.
4როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.
5უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს.“
6ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
7კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
8ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ.
9მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.
ბრალდება
10„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.
11მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის.
12მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.
13მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.
14მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,
15როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.
16მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
17იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.
18ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“
19ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.
20თქვა ბევრმა მათგანმა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“
21სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“
22მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა.
23და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.
24შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“
25მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
26მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით.
27ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.
28მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.
29ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.
30მე და მამა ერთი ვართ.“
31კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად.
32მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“
33მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს.“
34მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ ‘მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?’
35თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა,
36მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?
37თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
38და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ.“
39კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.
იორდანეს გაღმა წასვლა
40წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა.
41ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო.
42და იქ ბევრი ერწმუნა მას.
Currently Selected:
იოან. 10: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002