YouVersion Logo
Search Icon

იერ. 14

14
შიმშილისა და გვალვის წინათქმა
1სიტყვა უფლისა იერემიასადმი გვალვაზე:
2„გლოვობს იუდა და მისი კარიბჭენი დაცარიელდა, დაბნელდა ქვეყანაზე და ამაღლდა იერუსალიმის კივილი.
3და მათმა დიდებულებმა გაგზავნეს თავიანთი ჭაბუკები წყალზე; მივიდნენ ღრმულებთან, ვერ იპოვეს წყალი, დაბრუნდნენ ცარიელი ჭურჭლებით დარცხვენილნი და გაწბილებულნი, და თავები დაიბურეს.
4რადგან მიწა დასკდა, წყალი რომ არ იყო ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწის მუშაკნი, თავები დაიბურეს.
5რადგან ირემმაც ველზე შობა და იქ დატოვა, რადგან არ იყო ბალახი.
6და კანჯარნიც იდგნენ ხრიოკ მაღლობებზე, ტურების მსგავსად ისუნთქავდნენ ჰაერს, დაებინდათ თვალები, რადგან არ იყო ბალახი.
7თუ ჩვენი ურჯულოება იმოწმება ჩვენს წინააღმდეგ, იმოქმედე, უფალო, შენი სახელის გულისათვის! გამრავლდა ჩვენი განდგომა, შეგცოდეთ ჩვენ.
8ისრაელის იმედო, მისო მხსნელო უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად მოსული სტუმარივით?
9რატომ ხარ კაცივით გაოგნებული, მამრივით, რომელსაც არ შეუძლია ხსნა? შენ კი ჩვენს შორის ხარ, უფალო, და შენი სახელი ჩვენზეა წოდებული. ნუ მიგვატოვებ!“
10და ასე უთხრა უფალმა ამ ერს: „რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს ვერ აკავებდნენ, ამიტომ უფალს არ სურს ისინი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს მათ ცოდვებს.“
11და მითხრა მე უფალმა: „ნუ ილოცებ ამ ერის სასიკეთოდ,
12რადგან თუ იმარხულებენ, არ მოვუსმენ მე მათ ვედრებას, თუ აღმივლენენ სრულადდასაწველსა და ძღვენს, არ ვინდომებ მათ. მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით შევმუსრავ მათ.“
13და ვთქვი მე: „ოი, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: ‘არ ნახავთ მახვილს და შიმშილი არ გექნებათ, რადგან ჭეშმარიტ მშვიდობას მოგცემთ ამ ადგილას.“
14და მითხრა მე უფალმა: „ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი და არც მიბრძანებია მათთვის, და არც მილაპარაკნია მათთან; ტყუილ ხილვას და მკითხაობას, ამაოს და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
15ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: ‘ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, მე არ გამომიგზავნია ისინი. თუმცა ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მახვილითა და შიმშილით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი!’
16და ხალხი, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, დაეყრება იერუსალიმის ქუჩებში შიმშილისა და მახვილისგან. და არავინ იქნება მათი ცოლების, მათ ძეთა და მათ ასულთა დამმარხველი. და გადმოვღვრი მათზე მათ ბოროტებას.
17უთხარი მათ ეს სიტყვა: ‘მდიოდეს თვალზე ცრემლი ღამით და დღისით და არ შეწყდეს, რადგან დიდი დალეწვით დაილეწა ქალწული, ასული ჩემი ერისა, განუკურნებელი ჭრილობით.
18გამოვდივარ ველზე და ვხედავ მახვილით დახოცილთ, და შევდივარ ქალაქში და ვხედავ შიმშილით დასნეულებულთ, რადგან წინასწარმეტყველიც და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობენ.“
19მოძულებით მოიძულე იუდა, თუ სიონი შეზიზღდა შენს სულს? ისე რატომ გვცემე, რომ არა გვაქვს კურნება? ვთესავდით მშვიდობას და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და – საშინელებაა.
20ვიცით, უფალო, ჩვენი ბოროტმოქმედება, ურჯულოება ჩვენი მამებისა, რადგან შეგცოდეთ შენ.
21ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისათვის, ნუ შეარცხვენ ტახტს შენი დიდებისა, გაიხსენე და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.
22განა არის ხალხების კერპთა შორის მაწვიმებელი? ან ცას თუ მოაქვს თავისით თავსხმა? ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.

Currently Selected:

იერ. 14: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in