YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 9

9
1განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანასა და დამასკოზე შეჩერდება, რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ ტომს,#ესა 17:1-3; იერ 49:23-27; ამო 1:3-5.#ესა 23:1-18; ეზკ 26:1—28:26; იოლ 3:4-8; ამო 1:9,10; მთ 11:21, 22; ლკ 10:13, 14. 2და ხამათს, მას რომ ესაზღვრება, ცორსა და ციდონს, რადგან მეტისმეტად გაბრძენდა ცორი. 3აიშენა ცორმა ციხესიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და რიყის ქვასავით – ოქრო. 4აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში განადგურდება. 5იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.#ესა 14:29-31; იერ 47:1-7; ეზკ 25:15-17; იოლ 3:4-8; ამო 1:6-8; სოფ 2:4-7. 6უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნებას. 7ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნებიან, როგორც ათასისთავები იუდაში, ყეკრონის მცხოვრებნი კი, როგორც იებუსელნი. 8ბანაკს მოვაწყობ ჩემს სახლთან ლაშქრის წინააღმდეგ, ყველა გამვლელის წინააღმდეგ, და ვეღარ გაიჭაჭანებს აქ შემვიწროვებელი, რადგან ამიერიდან თვალი მიჭირავს მასზე. 9იხარე, სიონის ასულო! იზეიმე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და მხსნელი; თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ვირის ნაშიერზე.#მთ 21:5; იო 12:15. 10მაშინ მოვსპობ ეტლებს ეფრემში და ცხენებს – იერუსალიმში; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს, და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდეებამდე.#ფს 72:8. 11შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გამო გაგითავისუფლებ შენს ტყვეებს მღვიმეებიდან, სადაც არაა წყალი.#გამ 24:8. 12დაუბრუნდით ციხესიმაგრეებს, იმედის მქონე ტყვეებო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ, 13რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებად მექნება ეფრემი; აღვძრავ შენს ძეებს, სიონო, შენი ძეების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! 14და გამოჩნდება უფალი მათ ზემოთ, და, ელვასავით გამოფრინდება მისი ისარი. და დასჭექს უფალი ღმერთი საყვირით და წამოვა სამხრეთის ქარიშხლებში. 15ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ, და ისინი გაანადგურებენ და გადაჯეგავენ შურდულის ქვებს, და შესვამენ სისხლს, როგორც ღვინოს და აივსებიან როგორც სამსხვერპლოს თასები, როგორც სამსხვერპლოს კუთხეები. 16და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე. 17ო, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რა საოცარია მისი მშვენება! ჭაბუკებს პური აძლიერებს, ქალწულებს – მაჭარი.

Currently Selected:

Zechariah 9: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for Zechariah 9