Revelation 17
17
1და მოვიდა ერთი შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი ფიალა, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ სასჯელს მრავალ წყლებზე მჯდომარე დიდი მეძავისა, #იერ 51:13. 2რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი.“#ესა 23:17; იერ 51:7. 3და გადამიყვანა სულით უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე შვიდთავიან და ათრქიან მეწამულწითელ მხეცზე, რომელიც დაფარული იყო მგმობელი სახელებით. #გცხ 13:1. 4და ემოსა დიაცს პორფირი და ძოწეული, და მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი თვლებით და მარგალიტებით. ხელთ ჰქონდა ოქროს თასი, მისი სიძვის სიბილწით და უწმიდურებით ავსებული. #იერ 51:7. 5და მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა.“ 6და დავინახე, რომ დედაკაცი მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად. 7და მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. 8მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და აპირებს უფსკრულიდან ამოსვლას და მიემართება დაღუპვისაკენ. დედამიწის მკვიდრებს, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. #დან 7:7; გცხ 11:7; ფს 69:28. 9აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. 10მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. 11მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, მაგრამ ეკუთვნის შვიდთა რიცხვს და მიდის დასაღუპად. 12ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები, ერთი საათით. #დან 7:24. 13მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ. 14ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი არიან წვეულნი, რჩეულნი და სარწმუნონი.“ 15და მეუბნება მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები. 16ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი – ისინი შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, 17რადგან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი განზრახვა და გადასცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღმერთის სიტყვები. 18დიაცი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე.“
Currently Selected:
Revelation 17: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა