YouVersion Logo
Search Icon

Nehemiah 9

9
1ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები, იწყეს მარხვა, ძაძები ჩაიცვეს და თავზე იყრიდნენ მტვერსა და ნაცარს. 2გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხოთესლს და ადგნენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და თავიანთი მამების უკუღმართობა. 3და იდგნენ თავიანთ ადგილებზე და კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს მეოთხედი დღე, მეორე მეოთხედი დღე კი აღსარებას ამბობდნენ, და თაყვანსა სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
4და დადგნენ ლევიანთა შემაღლებაზე იესო, ბანი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ქენანი და შეჰღაღადეს უფალს, თავიანთ ღმერთს. 5და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით! აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება!
6შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ; შენ შეჰქმენ ცა და ცანი ცათანი და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი. 7შენა ხარ ის უფალი ღმერთი, აბრამი რომ ამოირჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და მას სახელად აბრაამი უწოდე.#დაბ 11:31; 12:1; დაბ 17:5. 8და ჰპოვე მისი გული სარწმუნო, წინაშე შენსა და აღთქმა დაუდე, რომ მის მოდგმას მისცემდი ქვეყანას ქანაანელთა, ხეთელთა და ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა. და შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ.#დაბ 15:18-21.
9შენ დაინახე ჩვენი მამების გაჭირვება ეგვიპტეში, და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე.#გამ 3:7; გამ 14:10-12. 10შენ მიეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მისი ყველა მსახურისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ კადნიერად ექცეოდნენ მათ, და შენ სახელი გაითქვი დღევანდელ დღემდე.#გამ 7:8—12:32. 11შენ გააპე მათ თვალწინ ზღვა, და მათაც შუა ზღვაში გაიარეს, როგორც ხმელეთზე; მათი მდევრები კი ისე ჩაძირე მორევში, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში.#გამ 14:21-29; გამ 15:4,5. 12შენ დღისით ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ წინ, და ღამით ცეცხლის სვეტით, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ.#გამ 13:21,22. 13შენ ჩამოხვედი სინაის მთაზე და ზეციდან ელაპარაკე მათ, და მიეცი მათ სწორი სამართალი და ჭეშმარიტი რჯული, კეთილი წესები, და მცნებები.#გამ 19:18—23:33. 14შენ გააცანი მათ შენი წმიდა შაბათი; და შენ მიეცი მათ მცნებები, წესდებები და რჯული, შენი მსახურის, მოსეს, ხელით. 15შენ აძლევდი მათ პურს ზეციდან შიმშილის მოსაკლავად, შენ გადმოუდინე მათ წყალი კლდიდან წყურვილის დასაცხრობად. და უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომელზეც შენ აღმართე ხელი და ფიცით აღუთქვი, რომ მათ მისცემდი.#გამ 16:4-15; გამ 17:1-7; რჯ 1:21.
16მაგრამ ჩვენი მამები გაკადნიერდნენ, გაიფიცხეს ქედი და ყური არ ათხოვეს შენს მცნებებს.#რცხ 14:1-4; რჯ 1:26-33. 17და არც გაგონება ინებეს და არც შენი საოცარი საქმეები გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი.#გამ 34:6; რცხ 14:18. 18თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და თქვეს: ესაა შენი ღმერთი, რომელმაც ამოგიყვანაო ეგვიპტიდან. დიდი საგმობი საქმეები ჩაიდინეს მათ.#გამ 32:1-4. 19მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში: დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდათ გზაზე საწინამძღვროდ და ღამით ცეცხლის სვეტი იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ.#რჯ 8:2-4. 20და შენი კეთილი სული მიანიჭე მათ შესაგონებლად, და შენი მანანა არ მოგიშორებია მათი პირისათვის, და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად. 21და ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში, – არ აკლდათ არაფერი; სამოსელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასიებიათ. 22და მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, და დაუნაწილე მათ ყველა კუთხე და ისინიც დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ბაშანის მეფის, ყოგის, ქვეყანას.#რცხ 21:21-35. 23შენ გაამრავლე ცის ვარსკვლავებივით მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ნათქვამი გქონდა მათი მამებისათვის, რომ მიიყვანდი მის დასაპატრონებლად.#დაბ 15:5; 22:17; ისნ 3:14-17. 24და მოვიდნენ ძენი, და დაეპატრონენ ქვეყანას. და შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი, ქანაანელნი, და ხელში ჩაუგდე მეფეებიანად და იმ ქვეყნის ხალხებიანად, რათა მათ თავიანთ ნებაზე მოქცეოდნენ.#ისნ 11:23. 25და დაიპყრეს მათ ციხე-ქალაქები, პოხიერი მიწა, დაეპატრონენ ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლებს, კლდეში ამოკვეთილ ჭებს, ვენახებს, ზეთისხილითა და ხეხილით სავსე ბაღებს. მრავლად; და ჭამეს და გაძღნენ, და გასუქდნენ, და მიეცნენ განცხრომას შენი დიდი სიკეთის წყალობით.#რჯ 6:10,11.
26და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ.#მსჯ 2:11-16. 27ამიტომაც ჩაყარე ისინი მტრების ხელში, რომლებიც ავიწროვებდნენ მათ. თავიანთი შეჭირვების ჟამს ისინი შენ შემოგღაღადებდნენ და შენც ზეციდან უსმენდი და შენი დიდი სიბრალულისამებრ მხსნელებს უგზავნიდი, და ისინიც იხსნიდნენ მათ მათი მტრების ხელიდან. 28მაგრამ როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტის კეთებას იწყებდნენ შენს წინაშე. და შენ კვლავ მტრის ხელში ყრიდი მათ და ისინიც ბატონობდნენ მათზე; და კვლავ შემოგღაღადებდნენ, და შენც ზეციდან ისმენდი და იხსნიდი მათ შენი სიბრალულისამებრ მრავალგზის. 29და აფრთხილებდი მათ, რათა შენი რჯულისაკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი კადნიერად იქცეოდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინააღმდეგ, რომელთა აღსრულებითაც უნდა იცოცხლოს კაცმა; აიჩეჩეს ჯიუტი მხრები და გაიფიცხეს ქედი და არაფერს ისმენდნენ.#ლევ 18:5. 30შენ სულგრძელი იყავ მათ მიმართ მრავალი წელი და აფრთხილებდი შენი სულით, შენი წინასწარმეტყველების მეშვეობით მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ამიტომ ჩაყარე ისინი ქვეყნის ხალხების ხელში.#4მფ 17:13-18; 2ნშ 36:15,16. 31და მაინც შენი დიდი სიბრალულის გამო არ მოსპე და არ მიატოვე ისინი, რადგან მოწყალე და შემბრალებელი ღმერთი ხარ.
32ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე.#4მფ 15:19,29; 17:3-6; ეზრ 4:2,10. 33შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, რადგან შენ სწორად იქცეოდი, ჩვენ კი ურჯულოებას ვიქმოდით. 34და ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავარნი, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამები არ ასრულებდნენ შენს რჯულს და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და შენს შეგონებებს, რომლებითაც შეაგონებდი მათ. 35ისინი თავიანთ სამეფოშიც კი, მიუხედავად იმ დიდი სიკეთისა, შენ რომ უწყალობე მათ, მიუხედავად იმ ვრცელი და პოხიერი მიწისა, შენ რომ წინ გადაუშალე, არ გემსახურებოდნენ და უკუღმართი საქმეებისაგან უკან არ იხევდნენ. 36და, აჰა, დღეს ჩვენ მონები ვართ იმ ქვეყანაში, ჩვენს მამებს რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და მისი დოვლათით ესაზრდოვათ, დამონებული ვართ. 37მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისთვისაა, რომლებიც ჩვენ დაგვიდგინე ჩვენი ცოდვების გამო; ისინი ეპატრონებიან ჩვენს სხეულებსაც და ჩვენს პირუტყვსაც, თავიანთ ნებაზე. დიდ გაჭირვებაში ვართ.
38და ყოველივე ამის გამო ჩვენ ვდებთ მტკიცე აღთქმას წერილობით. ჩვენმა მთავარებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა ბეჭედი დაუსვეს.“

Currently Selected:

Nehemiah 9: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy