YouVersion Logo
Search Icon

Micah 2

2
1ვაი მათ, ვინც უკანონობას განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს – განთიადზე – ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში! 2ხოდაბუნებს მოისურვებენ და სტაცებენ, სახლები მოუნდებათ და ართმევენ; ავიწროებენ ყოველ სახლს, ყოველ სამკვიდროს. 3ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს განვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლის უღლისგანაც ქედს ვერ აიშვებთ და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. 4იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორღა დამიბრუნდება! უცხოთესლთ დაუნაწილდა ჩვენი მინდვრები. 5ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი. 6ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს. 7ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა? 8ხალხი, რომელიც უწინ მე მეკუთვნოდა, მტრად მექცა, და თქვენ ხდით ტანისამოსს ბრძოლიდან დაბრუნებულთ, მშვიდად მომავალთ. 9ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით. მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას. 10ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. 11ოჰ, ერთი მოიტყუებოდეს ქარისა და სიცრუის მადევარი კაცი: „მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზე!“ სწორედ ის იქნებოდა ამ ხალხის შესაფერისი ქადაგი.
12მთლიანად შეგკრებ შენ, იაკობ, და თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად შევყრი, როგორც ცხვარს ბოსორში, როგორც ფარას ფარეხში; ახმაურდებიან ისინი კაცთა სიმრავლით. 13მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში.

Currently Selected:

Micah 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in