YouVersion Logo
Search Icon

Haggai 2

2
1მეშვიდე თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: 2უთხარი ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს, და მთელს დანარჩენ ხალხს: 3ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში!#ეზრ 3:12. 4ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! – ამბობს უფალი. – გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! მთელი ქვეყნის ერო! – ამბობს უფალი, – და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 5სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფება თქვენს შორის. ნუ გეშინიათ.#გამ 29:45,46. 6რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს.#ებრ 12:26. 7შევარყევ ყველა ხალხს და აღსრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 8ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 9პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
10მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: 11ასე თქვა ყოვლისმპყრობელმა უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული: 12აჰა, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თავისი კალთით, თუ შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არაო. 13თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდებაო.#რცხ 19:11-22. 14მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი, – ასეთია მათი ხელის ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია. 15ახლა დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში. 16მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა 10. მივიდოდნენ საწნახელთან 50 საწყაოს ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა 20. 17გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით. და მაინც არ მოიქეცით ჩემსკენ, – ამბობს უფალი. – 18დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით: 19თუღა დარჩა ბეღელში თესლი? თუ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს?
ამიერიდან კი ვაკურთხებ.
20მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს: 21„ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას. 22დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ წარმართთა სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ, და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით, 23იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო, – ამბობს უფალი, – და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.“

Currently Selected:

Haggai 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in