YouVersion Logo
Search Icon

Habakkuk 1

1
1განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა: 2როდემდის უნდა შემოგთხოვდე შველას, უფალო, და შენ არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე? 3რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. 4ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი. რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს, ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.
5შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებდით.#საქ 13:41. 6რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, – სასტიკსა და ფიცხელ ხალხს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.#4მფ 24:2. 7საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი. 8ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი. დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული ორბებივით. 9ერთიანად მოდის დასარბევად, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს. 10ამასხრებს მეფეებს და მთავრებს სასაცილოდ იგდებს. დასცინის ყოველ ციხესიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. 11მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდებს. მისი ძალა მის ღმერთშია!
12განა უკუნისიდან არა ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი! საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული! 13სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა უკეთური ყლაპავს მართალს? 14ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით. 15ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს. 16ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი. 17ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის ბადეს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?

Currently Selected:

Habakkuk 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in