YouVersion Logo
Search Icon

Esther (Hebrew) 3

3
1ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი, ჰამედათა აგაგელის ძე, აღაზევა იგი და დაუდგა ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა. 2და მეფის ყველა მსახური, ვინც კი მეფის კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა. 3და ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომელნიც მეფის კარიბჭესთან იყვნენ: მეფის ბრძანებას რატომ არ ემორჩილებიო? 4დღითი დღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, ჰამანს მიუტანეს ამბავი, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა თავის სიტყვაზე მორდექაი, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო. 5და დაინახა ჰამანმა, რომ მორდექაი არ უჩოქებს და არ სცემს თაყვანს მას, და აღივსო ჰამანი რისხვით. 6ითაკილა მარტო მორდექაიზე აღემართა ხელი, რადგან მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომელ ერს ეკუთვნოდა მორდექაი. გადაწყვიტა ჰამანმა გაენადგურებინა მთელი იუდაელობა, მორდექაის ერი, ახაშვეროშის მთელ სამეფოში.
7და პირველ თვეში, რომელიც არის თვე ნისანისა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს დღითი დღე და თვიდან თვემდე, მეთორმეტე თვემდე, რომელიც არის თვე ადარისა. 8და უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისაგან, და არ ასრულებენ მეფის კანონებს, და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება. 9თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. 10 ათას ტალანტ ვერცხლს მივუწონი ხელში მეფის მოურავებს, რათა მეფის საგანძურებში შეიტანონ. 10და წაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ის ჰამანს, ჰამედათა აგაგელის ძეს, იუდაელთა მტერს. 11და უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოიქეცი, როგორც შენ გენებოსო.
12და მოუხმეს მეფის მწიგნობრებს პირველი თვის მეცამეტე დღეს და ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს და სამთავროთა განმგებლებს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და დაიბეჭდა მეფის ბეჭდით. 13და დაუგზავნეს წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროს, რათა გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე; ბალღები და ქალები ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც არის თვე ადარისა და დაეტაცათ მათი ქონება. 14ბრძანების ნუსხები, როგორც კანონი, უნდა დაეგზავნათ ყველა სამთავროში, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის. 15მალემსრბოლებმა სწრაფად წაიღეს მეფის განკარგულება და გაცემულ იქნა ბრძანება შუშანში, სატახტო ქალაქში; და დასხდნენ სმად მეფე და ჰამანი; შუშან-ქალაქი კი შეძრული იყო.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in