YouVersion Logo
Search Icon

Esther (Hebrew) 2

2
1ამ ამბების შემდეგ, როდესაც რისხვა დაუცხრა მეფე ახაშვეროშს, გაიხსენა მან ვაშთი და ის, რაც მან ჩაიდინა და, რაც მას გადაუწყდა. 2და თქვეს მეფის კაცებმა, რომლებიც მას ემსახურებოდნენ: მოუძებნონ მეფეს ლამაზი და ნორჩი ქალწულები. 3და დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზსა და ნორჩ ქალწულს შუშანში, სატახტოში, სადიაცო სახლში და ჩააბარონ ჰეგაის, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს, და მიეცეთ მათ თავიანთი ფერუმარილი. 4და იმ ყმაწვილქალმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლადო. მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
5იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტო ქალაქში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმეყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი, 6რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იმ ტყვეებთან ერთად, რომელნიც გადასახლებული იყვნენ იუდას მეფე იექონიასთან ერთად, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, გადაასახლა.#4მფ 24:10-16; 2ნშ 36:10. 7და იგი იყო გამდელი ჰადასასი, ანუ ესთერისა, თავისი ბიძაშვილისა, რადგან არ ჰყავდა ესთერს არც მამა და არც დედა. ეს ყმაწვილქალი, ტანადი და პირმშვენიერი იყო და როცა დედ-მამა დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა. 8როცა მეფის ბრძანება და განკარგულება გამოცხადდა და თავი მოუყარეს მრავალ ყმაწვილქალს შუშანში, სატახტო ქალაქში, და ჩააბარეს ჰეგაის. მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს. 9ყმაწვილქალი მოეწონა მას და მადლი ჰპოვა მის წინაშე. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის კუთვნილი ფერუმარილი და მისი წილი საზრდო, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და გადაიყვანა ის და მისი მხევლები სადიაცო სახლის საუკეთესო სამყოფელში. 10ესთერს არ გაუმხელია თავისი ერი და თავისი სამშობლო, რადგან იგი მორდექაის ჰყავდა დარიგებული, რომ არ უნდა ეთქვა. 11და ყოველდღე დადიოდა მორდექაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, რათა გაეგო, როგორ იყო ესთერი და რა ხდებოდა მის თავს.
12როცა მოუწევდა ყოველ ყმაწვილქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად, 12 თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისათვის, რადგან ასე სრულდებოდა მათი დაზელვის დღეები: ექვსი თვე სურნელოვანი ზეთით და ექვსი თვე ნელსაცხებლებით და სხვადასხვა სადიაცო ფერუმარილით, 13მიდიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და ყველაფერს, რისი წაღებაც არ უნდა ეთხოვა მას, ატანდნენ სადიაცო სახლიდან მეფის სახლში. 14საღამოს შედიოდა ის და დილით ბრუნდებოდა მეორე სადიაცო სახლში შაყაშგაზის, მეფის საჭურისის, ხარჭათა მცველის, ხელქვეით; ვერ შევიდოდა ის მეფესთან მეტჯერ, თუ მეფე არ ისურვებდა მას და არ დაუძახებდა სახელდებით.
15და როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის – აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა, ჰეგაიმ ურჩია. და ესთერმა წყალობა ჰპოვა ყველა მისი მნახველის თვალში. 16და მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს. 17და ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და მან წყალობა და მადლი ჰპოვა მის წინაშე ყველა ქალწულზე მეტად. და დაადგა მან თავზე სამეფო გვირგვინი და გაადედოფლა იგი ვაშთის ნაცვლად. 18და გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისთვის და მსახურისთვის, და შეუმსუბუქა გადასახადები სამთავროებს, და გასცა საჩუქარები მეფური სიუხვით.
19და როდესაც მეორედ მოუყარეს თავი ქალწულებს, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი. 20ესთერი ჯერ კიდევ არ ამხელდა თავის სამშობლოს და ერს, როგორც მორდექაის ჰყავდა დარიგებული; და მორდექაის სიტყვას ესთერი ისევე ასრულებდა, როგორც მაშინ, როდესაც მის მეურვეობაში იყო. 21და იმ დღეებში, როდესაც მორდექაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები, გაჯავრდნენ და განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა. 22შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ესთერმა კი მეფეს მოახსენა მორდაქაის სახელით. 23და გამოძიებულ იქნა ეს საქმე და დადასტურდა, და ორივენი ხეზე ჩამოჰკიდეს. და ჩაიწერა ეს მატიანის წიგნში მეფის წინაშე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy