YouVersion Logo
Search Icon

2 Chronicles 6

6
1მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა. 2სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.“ 3პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. და ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. 4და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა: 5‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი, და არც არავინ ამირჩევია ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად, 6მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’#2მფ 7:1-13; 1ნშ 17:1-12. 7გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. 8და უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: ‘კარგია, რომ გულში გაქვს ჩემს სახელზე სახლის აშენება, 9მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ 10და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. 11და დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანთ რომ დაუდო.“ 12და დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისაკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო, – 13რადგან სოლომონმა გააკეთა ბრინჯაოს კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა, და შედგა მასზე, და მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ზეცისკენ, 14და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი სხვა ღმერთი, არც ცაში და არც ქვეყნად, შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 15შენ შეუნახე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, და დღეს შენმა ხელებმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. 16ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ გამოგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.’#3მფ 2:4. 17ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემს, დავითს რომ უბრძანე. 18ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს დედამიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?#2ნშ 2:6. 19მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური, 20რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური.#რჯ 12:11. 21და ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას, ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. 22თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებენ მას, და ეს ფიცი აღსრულდება შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, 23მაშინ მოუსმინე ზეციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღას. 24თუ დამარცხდება შენი ერი, ისრაელი, შენი მტრის მიერ, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, 25მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს; დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. 26როცა დაიკეტება ცა და აღარ იწვიმებს შეცოდების გამო, შენს წინაშე რომ ჩაიდინეს, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, 27მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, რომლითაც სიარული მართებთ, და აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიეცი შენს ერს. 28თუ შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან: თუ მტერი შემოადგება ქვეყანას მის კარიბჭეებს, ან: რაიმე უბედურება, თუ სნეულება, 29ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება ადამიანისგან და მთელი შენი ერისგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისაკენ, 30ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე; მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ შენ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გულები, 31რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი. 32იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერიდან, ისრაელიდან, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და შემართული მკლავის გამო, და მოვა და ილოცებს ამ ტაძართან. 33ისმინე ზეციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის, მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე. 34როცა მტერთან საომრად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზეც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი ამ ქალაქისაკენ პირშემოქცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, 35მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. 36როცა შეგცოდებენ, – რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, – განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, 37გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ,’ 38და როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირმოქცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, 39მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩინე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა. 40ახლა კი, ღმერთო ჩემო, თვალღია იყავ და ყურმახვილი ამ ადგილას ლოცვის მიმართ; 41ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისაკენ, შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა, და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.#ფს 132:8-10. 42უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მსახურის, მიმართ სიქველენი.“

Currently Selected:

2 Chronicles 6: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in