YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 28

28
1და შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი. შტოთა მთავარნი, დასების მეთაურები, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მის ძეთა მთელი მამულებისა და ჯოგების მოურავები, მისი საჭურისნი და ყველა მაგარი ვაჟკაცი. 2და ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: „ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა მოსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისათვის, და ჩვენი ღმერთის კვარცხლბეკი, და მოვემზადე ასაშენებლად,#2მფ 7:1-16; 1ნშ 17:1-14. 3მაგრამ ღმერთმა მითხრა: ‘სახლს ნუ ააშენებ ჩემს სახელზე, რადგან მეომარი კაცი ხარ და ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი.’ 4თუმცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან მე ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე. 5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს – ისრაელის ტახტზე. 6და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ჩემს ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა. 7უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’ 8ახლა კი მთელი ისრაელის უფლის კრებულის თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა ამ სიმდიდრით სავსე მიწას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ იგი საუკუნოდ, 9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან მამაშენის ღმერთი და მთელი სულითა და გულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. 10ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ იდექი და აკეთე.“ 11და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, საგანძურებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა. 12ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის ტაძრის ეზოებისთვის, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისთვის. 13მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის ტაძრის სამსახურის ყველა საქმისთვის, უფლის ტაძრის მსახურების საჭირო მთელი ჭურჭლისთვის, 14ოქროულობა ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონასთან ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის. 15წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრების წონის აღნიშვნით; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონის აღნიშვნით, როგორც თითოეული სასანთლის მსახურებაში გამოყენების წესია. 16საკურთხი პურების ტაბლებისათვის საჭირო ოქროს წონა და ყველა სხვა ტაბლებისათვის, ასევე ვერცხლის ტაბლებისათვის. 17ხალასი ოქრო ჩანგლებისათვის, ჯამებისათვის, ოქროს ფიალებისათვის, თითოეული ფიალის წონის აღნიშვნით, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონის აღნიშვნით. 18საკმევლის სამსხვერპლოსათვის გაწმედილი ოქრო წონის აღნიშვნით, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, გაშლილი ფრთებით რომ ფარავენ უფლის აღთქმის კიდობანს. 19„ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, – თქვა დავითმა, – მან ჩამაგონა შენების ყოველი წვრილმანი.“
20და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „მტკიცედ იდექ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის ტაძრის სამსახურის ყველა საქმეს. 21აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ერი შენს ყველა ბრძანებაზეა.“

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy