YouVersion Logo
Search Icon

Revelation 8

8
1და როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში, ასე ნახევარ საათს. 2და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღმერთის წინაშე იდგნენ, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
3და სხვა ანგელოზი მოვიდა და დადგა სამსხვერპლოსთან და ეპყრა ოქროს საცეცხლური, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ. #ამო 9:1; გამ 30:1,3. 4და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელიდან ღმერთის წინაშე. 5და აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და გადმოაგდო დედამიწაზე. და შეიქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა. #ლევ 16:12; ეზკ 10:2; გამ 19:16; გცხ 11:19; 16:18.
6და შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადნენ ჩასაბერად.
7და პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი, და გადმოიყარა დედამიწაზე. და დედამიწის მესამედი გადაიბუგა, ხეების მესამედი გადაიბუგა და მწვანე ბალახი გადაიბუგა. #გამ 9:23-25; ეზკ 38:22.
8და მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს და რაღაც დიდი მთის მსგავსი, ალმოდებული, გადმოვარდა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. 9და ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი დაიღუპა.
10და მესამე ანგელოზმა დააყვირა და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, რომელიც გახურებული ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყალთა წყაროებს. #ესა 14:12. 11და ამ ვარსკვლავს სახელად ჰქვია აბზინდა. წყალთა მესამედი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, რადგან გამწარდნენ ისინი. #იერ 9:15.
12და მეოთხე ანგელოზმა დააყვირა და მოხვდა მზის მესამედს, მთვარის მესამედს და ვარსკვლავთა მესამედს, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ გაენათებინა, და ასევე ღამის მესამედს. #ესა 13:10; ეზკ 32:7; იოლ 2:10; 3:4; 3:15.
13და ვიხილე და მოვუსმინე ერთ არწივს, რომელიც ზეცაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი დედამიწაზე მცხოვრებთ დანარჩენ საყვირთა ხმებისაგან, რომელთაც სამი დანარჩენი ანგელოზი დააყვირებს.“

Currently Selected:

Revelation 8: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in