YouVersion Logo
Search Icon

Revelation 16

16
1და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს: „წადით და გადაღვარეთ დედამიწაზე ღმერთის რისხვის შვიდი ფიალა.“
2წავიდა პირველი და გადმოღვარა დედამიწაზე თავისი ფიალა. და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატს ეთაყვანებოდნენ. #გამ 9:10.
3და მეორემ გადმოღვარა თავისი ფიალა ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისა, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში.
4და მესამემ გადმოღვარა თავისი ფიალა მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცნენ სისხლად. #გამ 7:17-21; ფს 77:44. 5და გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რომ ასე განსაჯე. 6რადგან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად, ღირსნი არიან!“ 7და გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი სასჯელნი.“
8და მეოთხემ გადმოღვარა თავისი ფიალა მზეზე და მიეცა მას ხელმწიფება, რომ ცეცხლში დაეწვა ადამიანები. 9იწვოდნენ ადამიანები დიდი მცხუნვარებით და გმობდნენ ღმერთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს და არ მიაგეს.
10და გადმოღვარა მეხუთემ თავისი ფიალა მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იჭამდნენ. #გამ 10:21. 11გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
12და გადმოღვარა მეექვსემ თავისი ფიალა დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, რომლებიც მზის აღმოსავალიდან მოდიან. #ესა 11:15. 13და ვიხილე ურჩხულის, მხეცის, და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები. 14ესენი დემონური სულები არიან, რომლებიც ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისათვის. 15აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი. #მთ 24:43,44; ლკ 12:39,40; გცხ 3:3. 16და შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება. #4მფ 23:29; ზაქ 12:11.
17და მეშვიდემ გადმოღვარა თავისი ფიალა ჰაერში და ტაძრიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა!“ 18და იქმნა ელვანი და ქუხილნი და ხმანი, და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა. #გცხ 8:5; 11:13,19. 19და გაიყო დიდი ქალაქი სამად და წარმართთა ქალაქები დაემხო და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღმერთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი მძვინვარე ვნების ღვინის თასი. #ესა 51:17. 20და ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა. #გცხ 6:14. 21და დიდი სეტყვა, ტალანტის წონის, წამოვიდა ციდან ადამიანებზე, და დაგმეს ადამიანებმა ღმერთი სეტყვის წყლულების გამო, რადგან ძალიან დიდი იყო მისგან წყლულები. #გამ 9:23; გცხ 11:19.

Currently Selected:

Revelation 16: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy