Luke 7
7
1მას შემდეგ, რაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხისათვის, რომელიც უსმენდა, კაპერნაუმში შევიდა. 2ერთ ასისთავს უკვდებოდა ავადმყოფი მონა, რომელსაც დიდად აფასებდა. 3იესოს ამბავი რომ გაიგო, ებრაელთა უხუცესები გაუგზავნა და სთხოვდა, მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. 4ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს დაჟინებით და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, 5რადგან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა აგვიშენა.“ 6იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. 7ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. 8რადგან მეც, ხელმწიფების ქვეშ მყოფს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“ 9ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“ 10წარგზავნილებს, სახლში რომ დაბრუნდნენ, გამოჯანმრთელებული დაუხვდათ მონა.
11ამის შემდეგ წავიდა იესო ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. 12ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, გამოჰქონდათ მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, რომლის დედაც ქვრივი იყო. ქალს ქალაქიდან დიდძალი ხალხი ახლდა. 13უფალმა რომ დაინახა, შეეცოდა და უთხრა: „ნუ ტირი.“ 14მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ 15მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. და მის დედას ჩააბარა იგი. 16შიშმა მოიცვა ყველა. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს.“ 17ეს ამბავი მოედო მთელ იუდას და მთელ შემოგარენს.
18აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. 19იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ 20მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვაგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ 21იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათაგან და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას მიმადლა მხედველობა. 22მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და გლახაკებს ეხარებათ. #ესა 35:5,6; 61:1. 23და ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში.“ 24როდესაც იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაუწყო ხალხს ლაპარაკი იოანეზე: „რის სანახავად გადიოდით უდაბნოში? ლერწმისა, ქარი რომ არხევს? 25მაშ რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან. 26მაშ, რის სანახავად გადიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე მეტისაც. 27რადგან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაგიმზადებს შენ გზას შენს წინ.’ 28გეუბნებით თქვენ: ქალთაგან ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღმერთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.“ 29მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმა, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლისცემით მოინათლნენ. #მთ 21:32; ლკ 3:12. 30ხოლო ფარისევლებმა და რჯულის კაცებმა განიშორეს ღმერთის განგება, რაკი თავი არ მოანათლინეს. 31„ვის ვამსგავსო ეს თაობა და ვისი მსგავსნი არიან ისინი? 32ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამური დაგიკარით და ვერ აგაცეკვეთ, გოდება გაგიმართეთ და ვერ აგატირეთ.’ 33რადგან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, და თქვენ ამბობთ, ეშმაკი ჰყავსო. 34მოვიდა კაცის ძე: ჭამს და სვამს და ლაპარაკობთ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი. 35და მართლდება სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ.“
36სთხოვა მას ვინმე ფარისეველთაგანმა, ეჭამა მასთან პური. და შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. 37და აჰა, იყო იმ ქალაქში ცოდვილი ქალი. როდესაც გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონის ჭურჭლით, #მთ 26:7; მრკ 14:3; იო 12:3. 38დადგა უკან, მის ფეხებთან, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უმშრალებდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. 39ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, რადგან ცოდვილია ეს ქალი.“ 40მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი.“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“ 41თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს – 50. 42მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?“ 43მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც მეტი აპატია.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“ 44და მიბრუნდა ქალისაკენ და უთხრა სიმონს: „ხედავ ამ ქალს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფეხთა კოცნა. 46შენ ზეთით არ გიცხია ჩემი თავი, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს. 47ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა ეპატია, რადგან დიდი სიყვარული გამოავლინა, ხოლო ვისაც მცირედი ეპატიება, მას მცირედი სიყვარული აქვს.“ 48და უთხრა მას: „გეპატია შენ შენი ცოდვები.“ 49და დაიწყეს თანამეინახეებმა ლაპარაკი ერთმანეთში: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“ 50უთხრა მან ქალს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი, მშვიდობით იარე.“
Currently Selected:
Luke 7: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013