Luke 5
5
1ერთხელ, როდესაც ხალხი გარს შემოსჯარვოდა მას, რომ ღმერთის სიტყვა მოესმინათ, ხოლო ის გენესარეთის ტბასთან იდგა, #მთ 13:1,2; მრკ 3:9,10; 4:1. 2დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. 3ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო და სთხოვა, ნაპირს მცირედ გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. 4და როდესაც დაამთავრა ლაპარაკი, უთხრა სიმონს: „შეაცურე ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“ 5მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენს სიტყვაზე ვისვრი ბადეს.“ #იო 21:3. 6ასეც მოიქცნენ. და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეგლიჯებოდათ. #იო 21:6. 7ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ. 8ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ.“ 9რადგან გაოგნებამ მოიცვა იგი და ყველა მასთან მყოფი დაჭერილი თევზის გამო, მათ რომ გამოიტანეს. 10ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მეწილეები. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა მებადური იქნები.“ 11მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.
12ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ 13გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი. 14და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შენი განწმედისათვის, როგორც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.“#ლევ 14:1-32. 15და უფრო და უფრო ვრცელდებოდა მისი ამბავი, და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. 16ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.
17ერთ დღეს, როდესაც ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდას ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განმკურნებლად. 18და აჰა, კაცებმა სარეცელით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დამბლადაცემული იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ. 19და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის სარეცლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინაშე. 20მათი რწმენა რომ დაინახა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენ შენი ცოდვები.“ 21და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ერთმანეთში და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ვინც ღმერთის გმობას ამბობს? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, გარდა ერთი ღმერთისა?“ 22იესომ ამოიცნო მათი ფიქრები, მიუგო და უთხრა: „რას ფიქრობთ თქვენს გულში? 23რისი თქმა უფრო ადვილია: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი და გაიარე’? 24ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება,“ ეუბნება დამბლადაცემულს, „შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შინ.“ 25და მყისვე წამოდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზეც იწვა, და შინ წავიდა. და ადიდებდა ღმერთს. 26განცვიფრებამ შეიპყრო ყველა. და ადიდებდნენ ღმერთს და შიშით აღვსილნი ამბობდნენ: „საოცრებანი ვიხილეთ დღეს.“
27ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი მე.“ 28მანაც ყველაფერი მიატოვა, ადგა და გაჰყვა. 29და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვები, რომლებიც ინახად ისხდნენ მათთან. 30ხოლო დრტვინავდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“#ლკ 15:1,2. 31მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არ ესაჭიროებათ, არამედ სნეულებს. 32მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“
33მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც; შენები კი ჭამენ და სვამენ.“ 34იესომ უთხრა მათ: „შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილეები, ვიდრე სიძე მათთან არის? 35მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ მათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“ 36უთხრა მათ იგავიც: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსს და არ დაადებს ძველ სამოსს, თორემ ახალსაც გამოხევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსის საკერებელი. 37არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, რადგან ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც წახდება. 38ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. 39არც ერთი ძველის დამლევი ახალს არ ინდომებს, იტყვის: ძველი სჯობიაო.“
Currently Selected:
Luke 5: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013