Luke 1
1
1რადგან ახლა ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის მომხდარ ამბავთა მწყობრ აღწერას ისე, 2როგორც გადმოგვცეს მათ, რომელნიც თავიდანვე თვითმხილველნი და სიტყვის მსახურნი გახდნენ, 3მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, ზუსტად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე, 4რათა შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც ნასწავლი გაქვს.
5იუდას მეფის, ჰეროდეს დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მას ცოლად ჰყავდა აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. #1ნშ 24:10. 6ორივენი მართლები იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ მისდევდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესს. 7მათ არ ჰყავდათ შვილი, რადგან ბერწი იყო ელისაბედი და ორივენი ხანგადასულნი იყვნენ. 8ერთხელ, როდესაც იგი თავისი რიგისამებრ მღვდლობდა ღმერთის წინაშე, 9სამღვდელო ჩვეულებით წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში, 10ხოლო გარეთ მთელი ხალხი ლოცულობდა კმევის დროს, 11ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი. 12და შეკრთა ამის მხილველი ზაქარია და შიშმა მოიცვა ის. 13და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შეწყნარებულია შენი ლოცვა, და შენი ცოლი, ელისაბედი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. 14და გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით. 15რადგან დიდი იქნება იგი უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით იქნება აღვსილი დედის საშოდანვე. #რცხ 6:3. 16და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის, მათი ღმერთისაკენ. 17და ივლის ის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა სიბრძნის მიმართ და წარუდგინოს უფალს განმზადებული ხალხი.“ #მიქ 4:5,6. 18უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „როგორ გავიგო ეს? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია.“ 19მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გაუწყო და გახარო ეს. #დან 8:16; 9:21. 20და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რადგან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება.“ 21ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22გარეთ გამოსულმა მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ის კი მოძრაობით ანიშნებდა მათ და დარჩა მუნჯად. 23და როდესაც დასრულდა მისი მსახურების დღეები, წავიდა შინ. 24იმ დღეთა შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს მალავდა თავს და ამბობდა: 25„ეს მიყო მე უფალმა ამ დღეებში, როდესაც მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ადამიანთა შორის.“
26მეექვსე თვეს კი წარმოგზავნილ იქნა ღმერთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქში, რომლის სახელია ნაზარეთი, 27ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულს ერქვა სახელად მარიამი. #მთ 1:18. 28და შევიდა მასთან ანგელოზი და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთანაა.“#1:28 ზოგიერთ ძველ ხელნაწერში აქ დამატებით არის: კურთხეული ხარ შენ დედათა შორის. 29იგი შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა?“ 30და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ღმერთთან. 31აჰა, საშოში ჩაგესახება და შობ ძეს და დაარქმევ მას სახელს – იესოს. #მთ 1:21. 32დიდი იქნება იგი და უზენაესის ძეს უწოდებენ. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. #2მფ 7:12,13,16; ესა 9:7. 33და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ 34უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ 35მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს შენ. ამიტომ ბავშვს, რომელიც დაიბადება, წმიდა და ღმერთის ძე დაერქმევა. 36აჰა, შენს ნათესავს, ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე, 37რადგან ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი.“#დაბ 18:14. 38თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ მე. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“ და წავიდა მისგან ანგელოზი. 39ადგა მარიამი იმ დღეებში და გაეშურა მთიან მხარეში, იუდას ქალაქისაკენ.
40და შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41და მოხდა ისე, რომ როდესაც მოესმა მარიამის მოკითხვა ელისაბედს, შეიძრა ჩვილი მის საშოში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით, 42და შესძახა დიდი ხმით და თქვა: „კურთხეული ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულია შენი საშოს ნაყოფი! 43ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? 44რადგან, როდესაც შენი მოკითხვის ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეიძრა ჩვილი ჩემში. 45ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგან აღსრულდება ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა მას.“
46და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალს, #1მფ 2:1-10. 47და ზეიმობს ჩემი სული ღმერთში, ჩემს მაცხოვარში, 48რადგან მოხედა მან თავისი მხევლის სიმდაბლეს. და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა; #1მფ 1:11. 49რადგან დიდი რამ მიყო ძლიერმა, და წმიდაა სახელი მისი. 50და მისი წყალობა მის მოშიშებზე თაობიდან თაობამდეა. 51აჩვენა ძალა თავისი მკლავით, გაფანტა ქედმაღალნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად. 52ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი, და აამაღლა მდაბალნი; #იობ 5:11; 12:19. 53მშივრები სიკეთით აღავსო, და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა. 54შეეწია თავის შვილს, ისრაელს, რადგან გაიხსენა წყალობა, 55როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის ნაშიერთ საუკუნოდ.“#დაბ 17:7. 56დაყო მარიამმა მასთან სამიოდე თვე და დაბრუნდა თავის სახლში.
57ხოლო ელისაბედს დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ძე. 58და გაიგეს მისმა მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მასზე და მასთან ერთად ხარობდნენ. 59მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მისი მამის სახელი – ზაქარია. #ლევ 12:3. 60და მიუგო მისმა დედამ და თქვა: „არა, იოანე უნდა ერქვას მას.“ 61უთხრეს მას: „შენს სანათესაოში არავინ არის, ეგ სახელი რომ ერქვას.“ 62და ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რა უნდოდა დაერქმია მისთვის. 63მან ფიცარი მოითხოვა, დაწერა და თქვა: „იოანეა მისი სახელი.“ და ყველას გაუკვირდა. 64და უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და აკურთხევდა ღმერთს. 65შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ გარშემო ცხოვრობდა, და მთელს იუდას მთიანეთში დიდი მითქმა-მოთქმა იყო ყოველივე ამის გამო. 66ყველამ, ვინც ეს გაიგო, გულში ჩაიდო და თქვა: „რა გამოვა ამ ყრმისგან?“ და უფლის ხელი იყო მასთან.
67ხოლო მამამისი, ზაქარია, აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: 68„კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, რომ მოხედა და გაუმზადა გამოსყიდვა თავის ხალხს. 69აღგვიდგინა მაცხოვარების რქა თავისი მსახურის, დავითის, სახლში, 70როგორც გვაუწყებდა ძველთაგანვე თავისი წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, 71რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან. 72წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს, და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას, 73ფიცს, რომლითაც შეჰფიცა აბრაამს, ჩვენს მამას, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ, 74ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილებს, უშიშრად 75გვემსახურა მისთვის სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი დღე და მოსწრება. 76და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, რადგან წინამორბედი იქნები უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, #მიქ 3:1. 77რათა მისცე მის ხალხს ცოდნა ხსნის შესახებ მათი ცოდვების მიტევებით, 78ჩვენი ღმერთის გულმოწყალების მეშვეობით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, 79ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის ნათლის მისაცემად, ჩვენს ფეხთა წარსამართავად მშვიდობის გზაზე.“ #ესა 9:2. 80ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
Currently Selected:
Luke 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013