Genesis 13
13
1და წამოვიდნენ აბრამი და თავისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებით ნეგებისაკენ, მათთან იყო ლოტიც.
2ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით. 3და გაემართა ნეგებიდან ბეთელისაკენ, სადაც უწინ მისი კარავი იდგა ბეთელსა და ღაის შორის, 4სადაც მან ადრე სამსხვერპლო ააგო, და სადაც მოუხმობდა უფლის სახელს. 5და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა ცხვარი და ძროხა და ჰქონდა კარვები. 6და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვეღარ ეტეოდნენ ერთად. 7და იყო დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შორის. ქანაანელები და ფერიზელები სახლობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ ჩვენ. 9განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.“ 10აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა ცოყარამდე, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იყო იგი როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა მიწა.#დაბ 2:10. 11და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან. 12აბრამი დასახლდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დასახლდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. 13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
14და უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: „აახილე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. 15მთელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე.#საქ 7:5. 16და ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს მოდგმას. და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის აღრიცხვას, მაშინ შენი მოდგმაც აღირიცხება. 17ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.“ 18და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს.
Currently Selected:
Genesis 13: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013