YouVersion Logo
Search Icon

1 Esdras (Greek) 9

9
1წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იეჰოხანანის, ელიაშიბის ძის სადგომისაკენ. 2იქ ყოფნისას არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გლოვობდა ხალხის დიდი ურჯულოების გამო. 3მთელს იუდასა და იერუსალიმში ეუწყა ტყვეობიდან ყველა გამოსულს, თავი მოეყარათ იერუსალიმში. 4ვინც არ მოვიდოდა ორი თუ სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების სამართლით მთელი ქონება ჩამოერთმეოდა, თვითონ კი გაძევებულ იქნებოდა ტყვედყოფილთა კრებულისაგან. 5სამ დღეში ყველანი შეიკრიბნენ იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ტომიდან, – ეს იყო მეცხრე თვის მეოცე დღეს. 6ისხდა მთელი ხალხი ეზოში და ცახცახებდა, რადგან ზამთარი იდგა.
7წამოდგა ეზრა და უთხრა მათ: „თქვენ დაარღვიეთ რჯული, რაკიღა უცხო ტომის ქალები შეირთეთ ცოლად, და უმრავლეთ ცოდვა ისრაელს. 8ახლა აღსარება უთხარით და ადიდეთ უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი; 9აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო ტომის ცოლებს.“ 10ხმა აიმაღლა მთელმა ხალხმა და შეღაღადა: „როგორც თქვი, ესე მოვიქცევით. 11მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთარი დგას, არ შეგვიძლია ვიდგეთ ღია ცის ქვეშ, ეს არც ერთი დღის საქმეა და არც ორისა, რადგანაც ურიცხვი ცოდვა მიგვიძღვის ამ მხრივ. 12ამიტომაც დადგენილ იქნენ ხალხის წინამძღოლნი, და ყველა, ვისაც ჩვენში უცხო ტომის ქალი ჰყავს ცოლად, თავის დროს გამოცხადდეს მათთან, 13თითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება უფლის რისხვა ჩვენზე ამ საქმის გამო.“
14თავს იდვეს ეს იონათანმა, აზაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, ხოლო მეშულამი, ლევი და შაბეთაი შეეწეოდნენ მათ. 15და ყველაფერი ამის მიხედვით აღასრულეს ტყვეობიდან გამოსულებმა. 16ეზრა მღვდელმა სახელდებით ამოირჩია საგვარეულოთა წინამძღვარნი, და შეიკრიბნენ ისინი მეათე თვის ახალმთვარობისას საქმის გასარჩევად. 17და დასრულდა იმათი საქმის გამოძიება, ვისაც ცოლად ჰყავდა უცხო ტომის ქალი, პირველი თვის ახალმთვარობისას. 18აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხო ტომის ცოლები ჰყავდათ: 19იოსედეკის ძის, იესოს ძეთა და ძმათაგან – მაასეიას და ელეაზარს, იარიბს და იოდანს, 20რომლებმაც ფიცი დადეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და მოიყვანეს ვერძები თავიანთი ცოდვების მისატევებლად. 21იმერის ძეთაგან – ანანია და ზებადია, მაასეია და შემაია, იეხიელი და აზარია; 22ფასურის ძეთაგან – ელიოენაი, მაასეია, ისმაელი, ნათანაელი, გედალია, სალთასი; 23ლევიანთაგან – იოზაბდი და შიმეი, კელაია (იგივე კელიტა) და ფეთახია, იუდა და იონა; 24მგალობელთაგან – ელიაშიბი და ზაქური; 25მეკარეთაგან – შალუმი და ტელემი; 26ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან – რამია და ისია, მალქია და მიამინი, ელეაზარი, ასიბიასი და ბენაია; 27ელამის ძეთაგან – მათანია და ზაქარია, იეცრიელი და აბდი, იერემოთი და ელია; 28ზამოთის ძეთაგან – ელიადასი, ელიაშიბი, ოთონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია; 29ბებაის ძეთაგან – იოხანანი და ანანია, ზაბდი და ემათისი; 30მანის ძეთაგან – ოლამოსი, მამუქოსი, ადაია, იაშუბი, ასაელოსი და იერემოთი; 31ადის ძეთაგან – ნაათოსი და მოოსიასი, ლაკუნოსი და ნაიდოსი, ბესკასპასმისი და სესთელი, ბელნუოსი და მანასეასი. 32ანანის ძეთაგან – ელიონასი და ასაიასი, მელქიასი, საბაიასი და სიმონ ქოსამეოსი. 33ხაშუმის ძეთაგან – მათენაი და მათათა, ზაბადი და ელიფელეტი, მანასე და შიმეი; 34ბანის ძეთაგან – იერემია, მომდიოსი, მეროსი, იოელი, მამდაი, პედიასი, ანოსი, კარაბასიონი, ელიაშიბი, მამნითანემოსი, ელიასისი, ბინუი, ელიალისი, შიმეი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან: შაშაი, აზარელი, აზაელი, სამატოსი, ზამბრისი, იოსები; 35ნოომას ძეთაგან – მაზიტიასი, ზაბადი, იდო, იოელი და ბენაია.
36ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხო ტომის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებიანად. 37და დამკვიდრდნენ მღვდლები, ლევიანები და ისრაელიანები იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალმთვარობისას, ხოლო ისრაელიანები – თავ-თავიანთ ადგილას. 38მთელმა ხალხმა ერთად მოიყარა თავი აღმოსავლეთის ბჭესთან, გაშლილ ადგილას. 39და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს რჯული, ბოძებული უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ. 40გამოუტანა მღვდელმთავარმა ეზრამ რჯული მთელ ხალხს, კაციდან ქალამდე, და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ იგი მეშვიდე თვის ახალმთვარობისას. 41კითხულობდა ტაძრის ბჭესთან, გაშლილ ადგილას, ცისკრიდან შუადღემდე, კაცებისა და ქალების წინაშე, და მთელი ხალხი უსმენდა რჯულს. 42და შედგა ეზრა, მღვდელი და მკითხველი, გამზადებულ ფიცარნაგზე. 43მხარმარჯვნივ ედგნენ მათათია, შემა, ანანია, აზარია, ურია, ეზეკია და ბალსამუსი; 44ხოლო ხელმარცხნივ – ფედაია, მისაელი, მალქია, ლოთასუბოსი, ნაბარია და ზაქარია.
45აიღო ეზრამ რჯულის წიგნი ხალხის თვალწინ და დიდებით დაჯდა ყველას წინაშე. 46რჯულს რომ ხსნიდა, ყველა წელგამართული იდგა; და აკურთხა ეზრამ უფალი ღმერთი, უზენაესი ღმერთი საბაოთ, ყოვლისმპყრობელი. 47მთელმა ხალხმა ერთხმად შეჰღაღადა: ამინ! ხელაპყრობილი დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს. 48ლევიანები – იესო და ანიუთი, შერებია და იადინუსი, აკუბი და შაბეთაი, ჰოდია, მაიანასი, კელიტა, აზარია, იოზაბადი, ანანი და ფელაია ხალხის წინაშე კითხულობდნენ უფლის რჯულს და იმავდროულად, კიდევაც განმარტავდნენ მას. 49და უთხრა ატარატესმა ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, და ლევიანებს, ყველაფერს რომ ასწავლიდნენ ხალხს: 50წმიდაა ეს დღე უფლისათვის – და ყველანი ტიროდნენ, როცა უსმენდნენ რჯულს – 51მაშ, წადით, ჭამეთ ნოყიერი და სვით ტკბილი, და წყალობას ნუ მოაკლებთ უპოვართ, 52ვინაიდან წმიდაა ეს დღე უფლისათვის და ნუ მწუხარებთ, რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ. 53ლევიანებიც შეაგონებდნენ ხალხს და ამბობდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ მწუხარებთო.
54წავიდნენ ყველანი, რათა ესვათ და ეჭამათ, ელხინათ და გაეკითხათ უპოვარნი; და ხარობდნენ დიდად, 55რადგანაც გამსჭვალულნი იყვნენ სიტყვებით, საკრებულოში რომ ესწავლათ.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in