YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 103

103
1აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად; მშვენებითა და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით,
3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4რომელმაც შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად.
5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.
6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები;
7მაგრამ შენი რისხვით მიედინებიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დააფუძნე.
9საზღვარი დადე – წყლებს ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარავად.
10გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ;
11დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოებიდან გამოსცემენ ხმას.
13რწყავს მთებს თავისი ზესართულებიდან; შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას – ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწიდან.
15და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16გაძღნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18მთანი მაღალნი – ქურციკისათვის, კლდენი – კურდღელთა თავშესაფარი.
19შექმნა მთვარე ჟამთათვის; მზემ იცის თავისი დასავალი.
20განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22ამობრწყინდა მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით
25ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი – მცირენი დიდებთან ერთად.
26იქ ხომალდები დადიან; ლევიათანი – ეს შენ შექმენი მასში გასართობად.
27ყველა შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავთავის დროზე.
28მისცემ მათ – აიღებენ, გახსნი შენს ხელს – გაძღებიან სიკეთით.
29დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან;
30გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას.
31იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე! იხარებდეს უფალი თავის ქმნილებაზე!
32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34ეამოს მას ჩემი გალობა! მე გავიხარებ უფალში.
35გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 103: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in