YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 3

3
ხელშემხმარის განკურნება
1და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.
2უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.
3უთხრა ხელგამხმარ კაცს: „შუაში დადექი.“
4მათ კი უთხრა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტისა? სულის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი.
5იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი.
6ფარისევლები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
7იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან,
8იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა.
9და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი,
10რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას.
11არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღვთისა!“
12იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.
თორმეტის ამორჩევა მოციქულებად
13და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან.
14თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად,
15და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება.
16და ამოარჩია თორმეტი: მეტსახელად მისცა სიმონს პეტრე;
17იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“;
18ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი.
19და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
სატანა სატანის წინააღმდეგ
20მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარა ჭამეს.
21მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო.
22იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო.
23მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
24თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
25თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
26და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული.
27ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;
29ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.
30რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო.
იესოს დედა და ძმები
31მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.
32მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო.
33პასუხად უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“
34მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები.
35რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“

Currently Selected:

მარკ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in