YouVersion Logo
Search Icon

მათ. 17

17
ფერისცვალება
1ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
2და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი.
3და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.
4უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“
5ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“
6ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ.
7იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“
8თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
9და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.“
10ჰკითხეს მას მოწაფეებმა: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“
11ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს.
12თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა.“
13მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ.
მთვარეულის განკურნება
14და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე
15და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება.“
16მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.
17მიუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!“
18შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი.
19მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“
20მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
21ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“
22გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში,
23მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.
სატაძრო ხარკისათვის
24კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“
25მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: „რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?“
26როცა თქვა: „უცხოთაგან“, იესომ უთხრა მას: „აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან.
27მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“

Currently Selected:

მათ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in