ლუკ. 15
15
დაკარგულ ცხვარზე
1ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.
2ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
3უთხრა მათ ეს იგავი:
4„რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
5რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს.
6შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.
7თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ.
დაკარგულ დრაქმაზე
8„ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინეთ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
9როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
10თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო.“
ძე შეცთომილი
11თქვა: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
12უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და მამამ გაუყო მათ ქონება.
13რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით.
14როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა.
15წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
16ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა.
17როცა გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები.
18ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე,
19ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’
20ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა.
21ვაჟმა კი უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’
22უთხრა მამამ თავის მონებს: ‘მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე.
23მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.
24ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება.
25უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
26დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’
27მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’
28ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა.
29მან მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა.
30ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’
31მან უთხრა მას: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია.
32მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’“
Currently Selected:
ლუკ. 15: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002