YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 13

13
იგავი ლეღვის ხეზე
1ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს.
2მიუგო იესომ და უთხრა მათ: „თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ?
3არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
4ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს?
5არა, გეუბნებით: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“
6უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.
7უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?’
8მან კი მიუგო და უთხრა მას: ‘ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე,
9იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოჭრი მას.’“
დედაკაცის განკურნება შაბათს
10ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში შაბათს.
11და აჰა, იქ იყო დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო სნეულების სულით, და იყო დაკრუნჩხული და წელში ვერ იმართებოდა.
12დაინახა იგი იესომ, დაუძახა და უთხრა მას: „დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან.“
13დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს.
14განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს არა.“
15მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?
16ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. შაბათ დღეს არ შეიძლებოდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან?“
17როცა ამას ლაპარაკობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის დიდებულებათა გამო, რასაც სჩადიოდა.
იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
18ის ამბობდა: „რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი?
19იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.“
20და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღვთის სასუფეველი?
21იგი შეჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა.“
როცა ვიწრო კარი დაიკეტება
22მიმოდიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას ადგა.
23ვიღაცამ უთხრა მას: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ:
24„იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს.
25როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით: ‘ბატონო, ბატონო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’
26მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’
27და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო.’
28იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენს თავს კი – გარეთ განდევნილებს.
29მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში.
30და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.“
იესოს პასუხი ჰეროდეს
31ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა.“
32და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.
33მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს! „იერუსალიმო, იერუსალიმო!“
34„იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ.
35აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“

Currently Selected:

ლუკ. 13: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in