YouVersion Logo
Search Icon

იობ. 13

13
იობის სიტყვის გაგრძელება
1„აჰა, ეს ყოველივე ჩემმა თვალმა იხილა, ჩემმა ყურმა ისმინა და გაიგო.
2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე უარესი.
3მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, და სამხილს მოვახსენებდი ღმერთს.
4თქვენ კი სიცრუის მგლესავები ხართ, ყველანი უვარგისი მკურნალები ხართ!
5ნეტავ დუმილით მაინც დადუმდებოდეთ! და ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
6გთხოვთ, ისმინეთ ჩემი სამხილი და გაიგონეთ ჩემი ბაგეების საჩივარი!
7ღვთის გულისათვის იტყვით ტყუილს? მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს?
8მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით?
9კარგი იქნება, რომ გამოგჩხრიკოთ? კაცი კაცს რომ ატყუებს, ისე მოატყუებთ მას?
10ის კიცხვით გაგკიცხავთ, მალულად თუ გამოიჩენთ მიკერძოებას.
11ნუთუ არ შეგეშინდებათ მისი სიდიადისა და მისი შიში თავს არ დაგატყდებათ?
12თქვენი შეგონებანი ნაცრის არაკებია, თქვენი სიმაგრეები თიხის სიმაგრეებია.
13დადუმდით ჩემს წინაშე და მალაპარაკეთ, და მერე, რაც მომივა, მომივიდეს.
14რად უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემი კბილით? ხელში რად უნდა ჩავიდო ჩემი სული?
15რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
16ესეც ჩემი ხსნა იქნება, რადგან უღვთო კაცი ვერ მივა მის წინაშე.
17სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს!
18აჰა, სამსჯავროსთვის გამიმზადებია ჩემი სარჩელი! ვიცი, რომ გავმართლდები.
19ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და მოვკვდებოდი!
20ოღონდ ორ რამეს ნუ მიზამ, და შენს სახეს არ დავემალები:
21შენი ხელი მომარიდე და შენი შიშის ზარი ნუ შემაძრწუნებს.
22მაშინ მიხმე და მე პასუხს გაგცემ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე!
23რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა!
24რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი?
25მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და ხმელ ჩალას დევნი?
26რადგან მწარე ამბებს სწერ ჩემზე და მამკვიდრებინებ სიჭაბუკის ცოდვებს,
27ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს, უდარაჯებ ყველა ჩემს ბილიკს, და ნიშანს მასვამ.
28ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისგან დაჭმული სამოსელი.“

Currently Selected:

იობ. 13: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in