იოან. 12
12
ბეთანიელი მარიამი
ნელსაცხებელს სცხებს იესოს
1პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით.
2გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
3მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო.
4ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი:
5„რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“
6ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა.
7უთხრა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი.
8რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.“
9გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.
10გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ,
11რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.
იესოს ზეიმით შესვლა იერუსალიმში
12მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა.
13აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“
14იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15„ნუ გეშინია, სიონის ასულო; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი.“
16ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას.
17ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა.
18ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
19ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“
ბერძნებს უნდათ იესოს ნახვა
20იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე.
21მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“
22ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს.
კაცის ძის განდიდება
23იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
26ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
27ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28მამაო, განადიდე სახელი შენი!“ მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.“
29იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო.
30მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება.
32და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.“
33ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს.
34მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა?“
35უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
36სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა.
ესაიას წინასწარმეტყველება
თვალების სიბრმავეზე
37ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას,
38რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“
39იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ:
40„მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“
41ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და ლაპარაკობდა მასზე.
მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
42თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.
43რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება.
44იესომ შესძახა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
45და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
46მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.
47თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად.
48ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
49რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ.“
Currently Selected:
იოან. 12: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002