ეს. 7
7
ახაზის მეფობისას
რეცინის დამღუპველი კავშირი ფეკახთან
1და იყო, იუდას მეფის ახაზის, ყუზიაჰუს ძის, იოთამის ძის დღეებში, აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფე რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა.
2და ეუწყა დავითის სახლს ასე: „არამი და ეფრემი მოკავშირენი გახდნენ.“ და შეირხა მისი გული და გული მისი ხალხისა, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.
3და უთხრა უფალმა ესაიას: „გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, რომელიც მრეცხავთა ველის ბილიკზეა.
4და უთხარი მას: ‘შეინარჩუნე სიმშვიდე და ნუ დაფრთხება შენი გული ამ ორი აბოლებული მუგუზლის კუდისაგან – რეცინის და არამის და რემალიაჰუს ძის ანთებული რისხვისაგან.
5იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახა შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, როცა თქვეს:
6„ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის და გავანგრიოთ ჩვენთვის, და გავამეფოთ მასში მეფედ ტაბეალის ძე.“
7ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „არ შესრულდება და არ იქნება.
8რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი, და სამოცდახუთი წლის შემდეგ ეფრემი დაილეწება და აღარ იქნება ხალხი.
9ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი – რემალიაჰუს ძე. თუ თქვენ არ გწამთ, იმიტომ, რომ ურწმუნონი ხართ.’“
უდიდესი ნიშანი
10და გააგრძელა უფალმა ახაზთან ლაპარაკი:
11„მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს ნიშანი: ქვესკნელის სიღრმიდან ან მაღლა ციდან.“
12და თქვა ახაზმა: „არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს.“
13და თქვა ესაიამ: „ისმინეთ, დავითის სახლო, ცოტაა თქვენთვის ადამიანებს რომ აწუხებთ, ჩემი ღმერთის შეწუხებაც გინდათ?
14ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)!
15ერბოს და თაფლს შეჭამს, სანამ ისწავლიდეს ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას.
16რადგან, ვიდრე ისწავლიდეს ყმაწვილი ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფისაც შენ გეშინია.
წინასწარმეტყველება
იუდაზე მომავალი თავდასხმის შესახებ
17მოაწევს უფალი შენზე და შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე ისეთ დღეებს, როგორიც არ მოსულა იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ – მოაწევს აშურის მეფეს.“
18და იქნება იმ დღეს: სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა, და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია,
19და მოვლენ და დაიბუდებენ ყველანი ციცაბო ხევებში და კლდეთა ნაპრალებში და ყოველ ეკლიან ბუჩქზე და ყოველ ღელეზე.
20იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმიდან დაქირავებული სამართებლით – აშურის მეფის თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოაცილებს.
21და იქნება იმ დღეს: გამოკვებავს კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვარს.
22და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რადგან ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი.
23და იქნება იმ დღეს: ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვაზი ათას ვერცხლად რომ ფასობდა, ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება.
24ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება მთელი ქვეყანა.
25და არც ერთ მთაზე არ წახვალ, რადგან შეგეშინდება ნარის და ეკლიანი ბუჩქის; საძოვრად გაიყვანენ იქ ხარებს და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას.
Currently Selected:
ეს. 7: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002