YouVersion Logo
Search Icon

გამ. 6

6
ღვთის პასუხი
1უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც ვუზამ ფარაონს, რადგან ჩემი ძლიერი ხელით გამოუშვებს მათ და ძლიერი ხელით გაყრის მათ თავისი ქვეყნიდან.“
2და ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა მას: „მე ვარ უფალი!
3მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, და ჩემი სახელით – უფლით – არ გავეცანი მათ.
4და დავუდე აღთქმა, რათა მივცე მათ ქანაანის ქვეყანა, ქვეყანა მათი ხიზნობისა, სადაც ხიზანობდნენ ისინი.
5და აგრეთვე ვისმინე ისრაელის ძეთა კვნესა, რომელნიც ეგვიპტელებს მონობაში ჰყავთ, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით.
7აგიყვანთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი, და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის უღლიდან.
8მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც ფიცით აღვმართე ხელი, რომ მივცემდი აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი.“
9ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო.
10და ელაპარაკა უფალი მოსეს:
11„მიდი, ელაპარაკე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.“
12და ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე, ასე: „აჰა, ისრაელის ძეთ არ მოისმინეს ჩემი და როგორღა მომისმენს მე ფარაონი? მე ენაბრგვილი ვარ.“
13ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, და ათქმევინა მათ ისრაელის ძეთათვის და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისათვის, რათა გამოეყვანათ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან.
მოსესა და აარონის
წინაპრები და შთამომავლობა
14ესენი არიან მთავრები თავ-თავიანთი მამის სახლებისა: ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი. ესაა რეუბენის საგვარეულო.
15და ძენი სიმონისა: იემუელი და იამინი, და ოჰადი, და იაქიმი, და ცოხარი, და საული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის საგვარეულო.
16აჰა, ლევის ძეთა სახელები თავიანთი გვარტომით: გერშონი და კეჰათი, და მერარი. და წლები ლევის ცხოვრებისა იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
17ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავიანთი საგვარეულოებით.
18და ძენი კეჰათისა: ყამრამი და იცჰარი, და ხებრონი, და ყუზიელი. და წლები კეჰათის ცხოვრებისა იყო ას ოცდაცამეტი წელი
19და ძენი მერარისა: მახლი და მუში. ესენია საგვარეულოები ლევისა თავიანთი გვარტომობით.
20და მოიყვანა ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, თავისთვის ცოლად. და მან უშვა აარონი და მოსე. და წლები ყამრამის ცხოვრებისა იყო ას ოცდა ჩვიდმეტი წელი.
21და ძენი იცჰარისა: კორახი და ნეფეგი, და ზიქრი.
22და ძენი ყუზიელისა: მისაელი და ელცაფანი და სითრი.
23და მოიყვანა აარონმა ცოლად ელიშებაყი, ასული ყამინადაბისა, ნახშონის და; და მან უშვა მას ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24და ძენი კორახისა: ასირი და ელკანა და აბიასაფი: ესენია კორახის საგვარეულოები.
25ელეაზარმა, აარონის ძემ, ცოლად მოიყვანა ფუტიელის ასულთაგანი და მან უშვა მას ფინხასი. ესენია ლევიანთა მთავრები თავ-თავიანთი გვარტომებით.
26ეს იყო აარონი და მოსე, ვისაც უთხრა უფალმა: „გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად.“
27ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოეყვანათ. ეს იყო მოსე და აარონი.
ღმერთი კვლავ ელაპარაკება მოსეს
28და იყო იმ დღეს, როცა ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში,
29უთხრა უფალმა მოსეს: „მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გელაპარაკები.“
30და თქვა მოსემ უფლის წინაშე: „აჰა, მე ენაბრგვილი ვარ, და როგორ მომისმენს მე ფარაონი?“

Currently Selected:

გამ. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in