საქმე. 10
10
კორნელიოსის ჩვენება კესარიაში
1იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიოსი, იტალიურად წოდებული კოჰორტის ასისთავი.
2კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე.
3იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიოს!“
4შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: „რა არის, უფალო?“ მან უთხრა: „შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
5ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება.
6იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომლის სახლი ზღვის პირასა დგას.“
7როცა წავიდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა,
8უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
პეტრეს ჩვენება
9მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად.
10მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი
11და იხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე.
12მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
13და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“
14პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“
15მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად“.
16ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა.
კორნელიოსის წარგზავნილები
17როცა გულში ფიქრობდა პეტრე, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ.
18დაუძახეს და ჰკითხეს: „აქაა სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“
19ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ.
20ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.“
21ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“
22მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიოსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები.“
23მაშინ მიიწვია ისინი და უმასპინძლა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა.
24მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიოსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები.
25როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“
27და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ,
28უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური.
29ამიტომ, როცა მომიხმეს, უყოყმანოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით: რა საქმეზე მომიხმეთ?“
30კორნელიოსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.
31თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.
32ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება: მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვის პირას.’
33მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“
პეტრეს ქადაგება კორნელიოსის სახლში
34გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
36მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი.
37თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისღების შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე.
38როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.
39ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
40იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი,
41არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღვთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
42გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
43მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.
სულიწმიდის მოფენა წარმართებზე
44ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
45მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
46რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:
47„ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?“
48უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.
Currently Selected:
საქმე. 10: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002