YouVersion Logo
Search Icon

მესამე მაკაბელთა 6

6
1მაშინ ვინმე ელეაზარმა, ქვეყნის სამღვდელოთა შორის სახელგანთქმულმა, უკვე მხცოვანმა და ცხოვრებაში ყოველგვარი სიქველით შემკულმა კაცმა, მოუწოდა მის ირგვლივ მყოფ უხუცესთ, წმიდა ღმერთისთვის ეხმოთ, და ასე ილოცა:
2„ყოვლისმძლე მეუფეო, უზენაესო, ყოვლისმპყრობელო, ღმერთო, მოწყალებით ყოვლის გამრიგევ,
3მოხედე, მამაო, აბრაამის მოდგმას, კურთხეული იაკობის შვილებს, შენს წილხვდომილ წმიდა ხალხს, უცხო მიწაზე უცხოდ მოარულს, უსამართლოდ რომ იღუპება.
4შენ დანთქე ზღვაში ფარაონი, ეგვიპტის უწინდელი მბრძანებელი, უსაზღვრო თავხედობითა და ზვაობის სიტყვით აღზევებული, შემუსრე იგი თავისი ურიცხვი ეტლითა და გოროზი ლაშქრითურთ, ისრაელის მოდგმას კი მოუვლინე წყალობის ნათელი.
5შენ დაამხე სანხერიბი, აშურელთა გულმხეცი მეფე, ურიცხვი ლაშქრით მოქადული, თითქმის მთელი ქვეყნიერება რომ დაიპყრო საჭურვლით და შენს წმიდა ქალაქზე გამოილაშქრა, შემუსრე იგი, მეუფეო, და თვალნათლივ უჩვენე შენი ძალა მრავალ ხალხს.
6ის სამი ყრმა ბაბოლონში, ნებაყოფლობით რომ გაწირეს თავი ცეცხლში დასაწვავად, რათა თაყვანი არ ეცათ ფუჭი კერპებისთვის, აგიზგიზებულ ღუმელში ცვრის პკურებით ისე იხსენი, რომ თმაც არ შეტრუსვიათ, ცეცხლის ალი კი მათი მტრებისკენ მიმართე.
7შენ ამოიყვანე უვნებლად დღის სინათლეზე დანიელი, მოშურნეთა ცილისწამებით ხაროში რომ ჩაეგდოთ ლომების დასაფლეთად.
8შენ მოხედე, მამაო, წყალობის თვალით იონას, ზღვის სიღრმეში მობინადრე ვეშაპის სტომაქში უსასოოდ ვნებულს, და უვნებლად მიჰგვარე თავისიანებს.
9და ახლაც, ქედმაღალთა მოძულევ, მრავალმოწყალევ და ყოვლის მფარველო, მსწრაფლ მოევლინე ისრაელის მოდგმას, უსჯულო და უკეთურ წარმართთაგან შეჭირვებულს.
10თუ გადასახლებაში მკრეხელობით აღივსო ჩვენი სიცოცხლე, ჯერ მტრის ხელიდან გვიხსენი, მეუფეო, და მერე, როგორც გნებავს, ისე დაგვღუპე.
11რათა ფუჭმორწმუნეებმა მადლი არ მიაგონ თავიანთ ფუჭ კერპებს, შენს მიერ რჩეულთა დაღუპვის გამო, და არა თქვან, მათმა ღმერთებმაც კი ვერ იხსნესო ისინი.
12ხოლო შენ, წარუვალო, მძლეთა-მძლეო და ძლევამოსილო, აწ მოგვხედე და შეგვიწყალე, გამძვინვარებულ უსჯულოთა ხელით ისე რომ ვიღუპებით, როგორც ბოროტმოქმედნი.
13მაშ, შიშით შესძრას დღეს წარმართნი შენმა უძლეველმა ძალამ, პატივმოსილო, რომელსაც ხელგეწიფება იხსნა იაკობის მოდგმა.
14შენ გევედრებიან ცრემლების ფრქვევით ურიცხვი ბავშვი და მათი მშობლები.
15დაე, იხილოს ყველა წარმართმა, რომ ჩვენთანა ხარ, უფალო, და ნუ იბრუნებ პირს ჩვენგან, არამედ ისე ჰყავი, როგორც გიბრძანებია, მეუფეო, რომ მტრების მიწაზეც არ მიატოვებ შენს ხალხს.
16როგორც კი ელეაზარი ლოცვას მორჩა, მეფე სპილოებითა და მთელი თავისი ლაშქრითურთ შემოვიდა ჰიპოდრომზე.
17მის დანახვაზე იუდაელებმა ისე საზარლად შებღავლეს ზეცას, რომ მახლობელ ხეობაში გაისმა გამოძახილი და სიბრალულით შეუძრა გული მთელ ლაშქარს.
18მაშინ მოავლინა თავისი სახე დიდებამოსილმა და ყოვლისმპყრობელმა, ჭეშმარიტმა ღმერთმა, გაიღო ცის ბჭენი და ჩამოვიდა იქედან ორი დიდებული და შესახედავად საშინელი ანგელოზი, რომლებსაც ყველა ხედავდა, იუდაელების გარდა.
19წინ გადაუდგნენ მტრის ლაშქარს, შიშითა და ძრწოლით აღავსეს და ხუნდებით შებოჭეს იგი.
20მეფესაც მთელი სხეული აუცახცახდა და დავიწყებას მიეცა მისი ქედმაღლური რისხვა.
21სპილოები კი შებრუნდნენ და მათ თანმხლებ მძიმედ აღჭურვილ მოლაშქრეებს დაერივნენ; ფეხით თელავდნენ და მუსრს ავლებდნენ მათ.
22მაშინ მეფის რისხვა სიბრალულად და ცრემლების ღვრად იქცა იმის გამო, რისი აღსრულებაც სულ ცოტა ხნის წინათ ეწადა,
23რადგანაც როცა გაიგონა იუდაელთა ყვირილი და დაინახა სასიკვდილოდ განწირულნი, მწარედ ატირდა და მუქარით უთხრა თავის მეგობრებს:
24„ბოროტად იყენებთ ძალაუფლებას, ტირანებსაც კი აღემატეთ სისატიკით, ბოროტს იზრახავთ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ცდილობთ თვით მეც, თქვენს კეთილისმყოფელს, ტახტი წამართვათ და სიცოცხლე მომისწრაფოთ.
25ვინ გამოყარა სახლებიდან, ან ასე შლეგურად ვინ გამოამწყვდია აქ ეს ხალხი, საიმედოდ რომ იცავდა ჩვენი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებს?
26ვინ სტანჯავს ასე უწყალოდ ამ ხალხს, ძველთაგანვე ყველა სხვა ხალხისაგან გამორჩეულს ჩვენდამი ერთგულებით ყველა საქმეში, ვინ გასწირა ესოდენ სამარცხვინო სასჯელისათვის?
27ახსენით, აჰყარეთ უსამართლო ბორკილები; მშვიდობით გაისტუმრეთ შინ და პატიება სთხოვეთ ყველაფრისათვის, რაც უწინ ჩაგიდენიათ.
28გაათავისუფლეთ ზეციური ყოვლისმპყრობლის, ცოცხალი ღმერთის ძენი, ღმერთისა, წინაპართა დროებიდან მოყოლებული დღემდე დიდებასა და სიმტკიცეს რომ ანიჭებს ჩვენს სახელმწიფოს.“
29აი, რა თქვა მეფემ, ხოლო სიკვდილისაგან ეს-ესაა თავდახსნილი იუდაელები მადლს მიაგებდნენ ღმერთს – თავიანთ წმიდა მხსნელსა და მფარველს.
30ქალაქში დაბრუნების შემდეგ მეფემ მოიხმო მეჭურჭლეთუხუცესი და უბრძანა გაემზადებინა იუდაელებისათვის ღვინო და ყოველივე დანარჩენი, რაც საჭირო იქნებოდა შვიდდღიანი ნადიმის გადასახდელად, რადგანაც გადაწყვიტა, რომ მათ დიდი ზარ-ზეიმით აღენიშნათ გადარჩენა სწორედ იმ ადგილას, სადაც თავიანთ აღსასრულს უნდა შეგებებოდნენ.
31მაშინ დამცირებულმა და სამარის პირას, ან, უფრო სწორად, ცალი ფეხით უკვე სამარეში მდგომმა იუდაელებმა, საბედისწერო და სავალალო სიკვდილის ნაცვლად, ხსნისა და გადარჩენის ლხინი გადაიხადეს და სიხარულით აღვსილებმა სადღესასწაულოდ აქციეს ის ადგილი, მათ სასაკლაოდ და სამარედ რომ იყო განკუთვნილი.
32შეწყვიტეს სამგლოვიარო მოთქმა-გოდება და ისრაელის მხსნელისა და სასწაულმოქმედი ღმერთის სადიდებლად მამა-პაპური საგალობლები დააგუგუნეს; გმინვისა და ქვითინის ნაცვლად ფერხული ჩააბეს სანუკვარი მშვიდობის ნიშნად.
33თავის მხრივ, მეფემაც დიდი ლხინი გადაიხადა და მადლობას სწირავდა ზეცას, რომელმაც ესოდენ დიდებული და სასწაულებრივი ხსნა მოუვლინა იუდაელებს.
34ხოლო იუდაელთა დასაღუპად და მტაცებელ ფრინველთა საჯიჯგნად გამწირველნი, სიხარულით რომ აღწერდნენ და აღრიცხავდნენ მათ, ახლა სირცხვილით იწვოდნენ და ცეცხლივით აბრიალებული მათი თავხედობა სამარცხვინოდ ჩაცხრა.
35იუდაელებმა კი, როგორც უკვე ითქვა, ფერხული ჩააბეს და სამადლობელი სიმღერებითა და საგალობელთა გალობით გაატარეს დღესასწაული.
36ერთხმად დაადგინეს, რომ ყველგან, სადაც კი იუდაელები იცხოვრებდნენ, თაობებიდან თაობებამდე, სიხარულით ეზეიმათ ეს დღეები, მაგრამ დროის სატარებლად კი არა, არამედ ღვთისგან მოვლენილი ხსნის აღსანიშნავად.
37მერე მეფეს ეახლნენ და შინ დაბრუნების ნებართვა სთხოვეს.
38მათი აღწერა მიმდინარეობდა პაქონის თვის ოცდამეხუთე დღიდან ეპეიფის თვის მეოთხე დღემდე – ორმოცი დღის განმავლობაში, ხოლო მათთვის მუსრის გასავლებად დათქმული იყო სამი დღე – ეპიფის თვის მეხუთედან მეშვიდე დღემდე.
39სწორედ ამ დღეებში სასწაულებრივად მოუვლინა მათ წყალობა ყოვლისმპყრობელმა და ერთობლივად იხსნა ისინი.
40მეფის ნაწყალობევით ნადიმობდნენ მეთოთხმეტე დღემდე, როცა დასათხოვად ეახლნენ მეფეს.
41მეფემ შეიწყნარა მათი თხოვნა, დიდსულოვნად დაწერა წერილი მათ დასაცავად, ხელი მოაწერა და ქალაქებში დაუგზავნა სარდლებს.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in