YouVersion Logo
Search Icon

2პეტრ. 2

2
გაფრთხილება ცრუწინასწარმეტყველთა წინააღმდეგ
1იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს.
2მრავალნი მიჰყვებიან მათს თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.
3ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას მოძებნიან. დიდი ხანია, გამზადებულია მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს.
4რადგან, თუკი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ტარტაროზში ჩაყარა და წყვდიადის ჯურღმულებს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად,
5არც პირველი სოფელი დაინდო: რვა სული შეინახა და მათ შორის ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა სოფელს.
6სოდომსა და გომორას ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით გაკვეთილი მისცა მომავალ უღვთოებს,
7ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
8რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა.
9ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად,
10უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი,
11მაშინ, როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ მიიტანენ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელ ბრალდებას თავიანთ თავზე.
ჭეშმარიტების გზას აცდენილნი
12ისინი კი, როგორც უგნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ,
13და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი, საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14მათი თვალები აღსავსეა მრუშებით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა-კრულვის შვილნი არიან ისინი.
15მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბილყამ ბეყორის ძის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურების საზღაური,
16მაგრამ მხილებული იყო თავის ურჯულოებაში: უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე.
17ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათთვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი.
18ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
19თავისუფლებას პირდებთან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20ვინაიდან, თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნით სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან.
22იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის.

Currently Selected:

2პეტრ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in