YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 6

6
ვედრება, რომ მადლი იქნეს მიღებული
არა ამაოდ
1და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი.
2ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე.
3ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
4არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
5ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
6სიწმიდეში, ცოდნაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში,
7ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, მარჯვენისა და მარცხენის სიმართლის იარაღით,
8დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით, ვითომც მაცდურნი, მაინც ჭეშმარიტნი;
9როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ! როგორც დასჯილნი, მაგრამ არ ვკვდებით;
10როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონებელნი.
არ იქონიოთ ურთიერთობა ურწმუნოებთან
11ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, და გაშლილია ჩვენი გული.
12თქვენ ვიწროთ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშივეა სივიწროვე.
13ხოლო ამაზე სამაგიეროდ გეუბნებით, როგორც შვილებს: იყავით თქვენც გაშლილნი.
14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?
15რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
16რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
17ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით!“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.
18ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

Currently Selected:

2კორ. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in