YouVersion Logo
Search Icon

1ტიმ. 4

4
გაფრთხილება ცრუმოძღვრების წინააღმდეგ
1ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
2თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია,
3რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისაგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა.
4ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,
5რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით.
გაუფრთხილდი თავს და სწავლებას
6თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი სწავლით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.
7ოღონდ უწმიდურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე.
8ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც.
9ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული მიღებისა.
10ვინაიდან იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა.
11ეს ამცნე და ასწავლე.
12თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
13ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას.
14ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით.
15ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება.
16გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

Currently Selected:

1ტიმ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in