YouVersion Logo
Search Icon

1ტიმ. 1

1
მისალმება
1პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ღვთის, ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი სასოების, იესო ქრისტეს ბრძანებით.
2ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
ამცნე ზოგიერთებს,
რომ არ ასწავლონ სხვა რამ
3როცა მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვდი დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ არ ასწავლონ განსხვავებული რამ
4და არ შეაჩერონ ყურადღება ზღაპრებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მნეობას რწმენაში.
5ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული,
6რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისაკენ.
7რადგან სურთ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
8ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას.
9ცნობილია, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,
10მეძავთა და მამათმავალთა, კაცის-მპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, ვინც საღ მოძღვრებას ეწინააღმდეგება,
11კურთხეული ღვთის დიდებული სახარების თანახმად, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
ქრისტეს მოსვლა ცოდვილთა გადასარჩენად
12ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა – ჩვენს უფალს ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურებად.
13მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცარი ვიყავი და ვიქცეოდი ურწმუნოებით.
14მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში.
15სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
16სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემით პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელება მათდა სამაგალითოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
17ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნეთი უკუნისამდე. ამინ.
ტიმოთემ დაიცვას რწმენა და
წინაღუდგეს ღვთის მგმობელთ
18ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,
19გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი.
20მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ.

Currently Selected:

1ტიმ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in