ლუკ. 16
16
ორგული მნე
1უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა.
2დაიბარა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.’
3მნემ თქვა თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია.
4ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.’
5დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’
6მან თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – ორმოცდაათი.’
7მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ მან თქვა: ‘ასი კოდი ხორბალი.’ მან უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – ოთხმოცი.’
8შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.
9და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.
10მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.
11ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?
12და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“
14ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.
15და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
16რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში.
17უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.
18ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.“
მდიდარი და ლაზარე
19„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
20ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.
21ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
22მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
23და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.
24შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’
25უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი – სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
26ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’
27თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’
28ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’
29უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’
30მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.’
31უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’“
المحددات الحالية:
ლუკ. 16: GEO02
تمييز النص
شارك
نسخ
هل تريد حفظ أبرز أعمالك على جميع أجهزتك؟ قم بالتسجيل أو تسجيل الدخول
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002