იოან. 1
1
დასაწყისში იყო სიტყვა
1დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
2ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
3ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.
4მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.
5ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე
6იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე.
7იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
8იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ.
9იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს.
10იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.
11თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
12ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
13ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან.
14სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა.
15იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
16მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
17ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.“
იოანე უთითებს ღვთის კრავზე
18ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.
19აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“
20მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე.“
21და ჰკითხეს მას კვლავ: „მაშ ვინა ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ.“ „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგებს: „არა.“
22მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“
23თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა.“
24წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ.
25და ჰკითხეს მას და უთხრეს: „აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“
26მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ.
27ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“
28ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.
29მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.
30ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი.
31მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს.“
32მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე.
33მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’
34მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.“
35მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
36დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი.“
37ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს.
38იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“
39ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.
40ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.
41მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).
42მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს).
43მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი“.
44ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან.
45ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან.“
46უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე“.
47იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“
48ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე.“
49მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“
50მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ.“
51ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ.“
المحددات الحالية:
იოან. 1: GEO02
تمييز النص
شارك
نسخ
هل تريد حفظ أبرز أعمالك على جميع أجهزتك؟ قم بالتسجيل أو تسجيل الدخول
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002