Genesis 9
9
1და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.#დაბ 1:28. 2თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყოველ მხეცს, ცის ყოველ ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის მიწაზე. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთ მომიცია. 3ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება იყოს თქვენი საჭმელი; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ თქვენ ყველაფერს. 4ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.#ლევ 7:26,27; 17:10-14; 19:26; რჯ 12:16,23; 15:23. 5მე კი თქვენს სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველ მხეცს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. 6და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი.#გამ 20:13; დაბ 1:26. 7მოშენდით და იმრავლეთ, მოეფინეთ მიწას და გამრავლდით მასზე.“#დაბ 1:28.
8და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად: 9„აჰა, მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს მოდგმასთან, 10და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან. 11მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“ 12და თქვა ღმერთმა: „ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც მე ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, საუკუნოდ. 13ჩემი მშვილდი, ჩემი ცისარტყელა, ჩავდე ღრუბელში ჩემსა და ქვეყანას შორის აღთქმის ნიშნად. 14როცა ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და ღრუბელში გამოჩნდება ცისარტყელა, 15გავიხსენებ აღთქმას მე და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ იქნება წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად. 16და გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა.“ 17და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა.“
18ესენი იყვნენ ნოეს ძენი, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო მამა ქანაანისა. 19ეს სამნი იყვნენ ნოეს ძენი, და მათგან წარმოსდგა მთელი დედამიწის მკვიდრნი.
20დაიწყო ნოემ, მიწაზე შრომა და პირველი იყო, რომელმაც ვენახი გააშენა. 21და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. 22და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და კარვიდან გამოსულმა შეატყობინა ეს თავის ორ ძმას. 23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი და მოისხეს მხრებზე. და უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე, პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. 24გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე. 25და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!“ 26და კვლავ თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მისი მსახური იყოს ქანაანი! 27და განამრავლოს ღმერთმა იაფეთი, სემის კარვებში დაემკვიდროს! მისი მსახური იყოს ქანაანი!“
28და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი. 29და იყო ნოეს სრული ხანი 950 წელი და მოკვდა.
Seçili Olanlar:
Genesis 9: ქბსვ
Vurgu
Paylaş
Kopyala
Önemli anlarınızın tüm cihazlarınıza kaydedilmesini mi istiyorsunuz? Kayıt olun ya da giriş yapın
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა