YouVersion
Pictograma căutare

John 12

12
1პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით. 2გაუმართეს მას იქ პურობა და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო. 3მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირად ღირებული ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. #ლკ 7:37,38. 4თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მის მოწაფეთაგანმა, რომელსაც გულში ჰქონდა მისი გაცემა: 5„რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ 6ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ებარა და ხანდახან იღებდა თავისთვის შიგ ჩაყრილს. 7თქვა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა ეს. 8რადგან ღარიბები მუდამ თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის თქვენთან არა ვარ.“ #რჯ 15:11.
9ებრაელთაგან ბევრმა გაიგო, რომ ის იქ იყო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს გამო, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. 10მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს, რომ ლაზარეც მოეკლათ, 11რადგან ლაზარეს გამო ბევრი ებრაელი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.
12მეორე დღეს, დღესასწაულზე მოსულმა მრავალმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მიდისო, 13აიღეს ფინიკის პალმის რტოები, მის შესაგებებლად გამოვიდნენ და იძახდანენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი – მეფე ისრაელისა!“ #ფს 117:25,26. 14იპოვა იესომ ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15„ნუ გეშინია, სიონის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომარე.“ #ზაქ 9:9. 16ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როდესაც იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას. 17და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როდესაც ლაზარეს მოუწოდა სამარხიდან და მკვდრეთით აღადგინა. 18იმიტომ ეგებებოდა მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. 19ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“
20იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე. 21მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“ 22მივიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას. და მივიდნენ ანდრია და ფილიპე და უთხრეს იესოს. 23იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე. 24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. 25ვისაც თავისი სიცოცხლე უყვარს, დაკარგავს მას; ხოლო ვისაც თავისი სიცოცხლე სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. #მთ 10:39; 16:25; მრკ 8:35; ლკ 9:24; 17:33. 26ვინც მე მემსახურება, გამომყვეს მე; და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
27ახლა წუხს ჩემი სული; და რა ვთქვა – მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან? მაგრამ მე ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28მამაო, განადიდე სახელი შენი!“ და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“ 29იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი ელაპარაკებოდაო. 30მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31ახლაა ქვეყნიერების სამსჯავრო; ახლა განიდევნება ქვეყნიერების მთავარი გარეთ. 32და როდესაც ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მოვიზიდავ.“ 33ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს. 34მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე უკუნისამდე რჩება. როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო? ვინაა ეს კაცის ძე?“#ფს 109:4; ესა 9:7; ეზკ 37:25; დან 7:14. 35უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“
ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა. 37ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას, 38რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი უწყება და ვის გამოეცხადა უფლის მკლავი?“#ესა 53:1. 39იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ: 40„თვალები დაუბრმავა და გული დაუხშო მათ, რათა თვალით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“#ესა 6:10. 41ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და მასზე ლაპარაკობდა ის. 42თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. 43რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
44იესომ შეღაღადა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ მისი, ვინც მე მომავლინა, 45და ვინც მე მხედავს, ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. 46მე, ნათელი, მოვედი ქვეყანაზე, რათა არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს. 47და თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან ქვეყნიერების განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნიერების სახსნელად. 48ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. 49რადგან მე ჩემგან კი არ მილაპარაკია, არამედ ჩემმა მომავლინებელმა მამამ მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. 50და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ.“

Selectat acum:

John 12: სბს

Evidențiere

Partajează

Copiază

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te