Luke 22

22
1ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. #გამ 12:1-27. 2მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძებდნენ საშუალებას, როგორ მოეშორებინათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. 3შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელი ერქვა და ერთი თორმეტთაგანი იყო. 4და წავიდა, მოელაპარაკა მღვედელმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ გადაეცა მათთვის იესო. 5გაუხარდათ და აღუთქვეს, რომ მისცემდნენ ვერცხლს. 6და დათანხმდა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის შეუმჩნევლად გადაეცა იგი მათთვის.
7მოაწია უფუარობის დღემ, როდესაც პასექი უნდა დაკლულიყო. 8და გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოგვიმზადეთ პასექი, რომ ვჭამოთ.“ 9მათ უთხრეს: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“ 10უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, 11და უთხარით სახლის პატრონს: ‘მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო პასექი?’ 12ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემო დარბაზს. იქ მოამზადეთ.“ 13წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.
14და როდესაც მოაწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. 15უთხრა მათ: „ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. 16რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ის ღმერთის სასუფეველში.“ 17და აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთში! 18რადგან გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სასუფეველი.“ 19და აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი ხორცია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ 20ასევე – თასიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს თასი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. #იერ 31:31-34. 21მაგრამ, აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ ტრაპეზზე; #ფს 40:10. 22რადგან კაცის ძე მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“ 23და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი იზამდა ამას.
24ასევე კამათიც წარმოიშვა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო უდიდესად. #მთ 18:1; მრკ 9:34; ლკ 9:46. 25უთხრა მათ: „წარმართთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. #მთ 20:25-27; მრკ 10:42-44. 26თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ, არამედ თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს და მბრძანებელი – მსახურივით. #მთ 23:11; მრკ 9:35. 27რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური. #იო 13:12-15. 28თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. 29და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი, 30რომ ჭამთ და სვამთ ჩემს ტრაპეზზე ჩემს სამეფოში და დასხდებით ტახტებზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხად.“ #მთ 19:28.
31თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა თქვენი თავი ხორბალივით გასაცხრილად. 32მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როდესაც კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.“ 33მან უთხრა მას: „უფალო, მზად ვარ შენთან ერთად საპყრობილეში და სიკვდილშიც წამოვიდე.“ 34თქვა მან: „შენ გეუბნები, პეტრე, ჯერ მამალს არ ექნება ნაყივლი დღეს, რომ სამგზის უარმყოფ: არ ვიცნობო.“
35უთხრა მათ: „როდესაც ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: „არაფერი.“ #მთ 10:9,10; მრკ 6:8,9; ლკ 9:3; 10:4. 36უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდაც. ვისაც არა აქვს მახვილი, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. 37თქვენ გეუბნებით, რომ ჩემზე უნდა აღსრულდეს ეს წერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა,’ რადგან ის, რაც ჩემზეა, დასასრულს უახლოვდება.“#ესა 53:12. 38თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია.“ მან კი უთხრა: „საკმარისია.“
39გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. 40და როდესაც იმ ადგილს მიაღწია, უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში.“ 41თავად კი განშორდა მათ ქვის სასროლზე, მუხლი მოიყარა და ლოცვისას 42თქვა: „მამაო, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს.“ 43და ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და განამტკიცებდა მას. 44აგონიაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, და მიწაზე ეცემოდა. 45ლოცვიდან რომ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები. 46უთხრა მათ: „რა გაძინებთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში.“
47ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოდის ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად. 48იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“ 49მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ 50ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. 51მიუგო იესომ და თქვა: „გეყოფათ!“ და შეეხო მის ყურს და გაუმრთელა. 52უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ყაჩაღის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. 53ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ, მაგრამ ეს თქვენი ჟამია და ბნელის ხელმწიფება.“#ლკ 19:47; 21:37.
54და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა. 55როდესაც შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. 56ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო.“ 57მაგრამ მან უარყო და თქვა: „ქალო, არ ვიცნობ მას.“ 58ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“ 59თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ნამდვილად, ესეც იმასთან იყო, რადგან გალილეველია.“ 60თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და მყისვე, როდესაც ამას ამბობდა, მამალმა იყივლა. 61მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა: „დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამგზის უარმყოფ მე.“ 62გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
63ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, დასცინოდნენ და სცემდნენ მას. 64თვალები აუხვიეს და ეკითხებოდნენ: „იწინასწარმეტყველე, ვინ გირტყამს?“ 65და ბევრ სხვა სალანძღავს ამბობდნენ მასზე.
66როდესაც დღე დადგა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში 67და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.“ უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ მერწმუნებით, 68და თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ. 69ამიერიდან კაცის ძე იქნება ღმერთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“ 70თქვა ყველამ: „მაშ, შენ ხარ ღმერთის ძე?“ უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“ 71მათ თქვეს: „მეტი რა მოწმობა გვჭირდება? ჩვენ ხომ თავად მოვისმინეთ მისი პირიდან.“

Šiuo metu pasirinkta:

Luke 22: სბს

Paryškinti

Dalintis

Kopijuoti

None

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės