John 4
4
1როდესაც შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს ესმათ, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანე, 2– თუმცა ნათელს სცემდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები – 3დატოვა იუდა და კვლავ გალილეაში წავიდა. 4ხოლო მას სამარიაზე უნდა გაევლო. 5და მივიდა სამარიელთა ქალაქში, რომელსაც ეწოდება სიქარი, იმ მიწის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა იოსებს, თავის ძეს. #დაბ 33:19; ისნ 24:32. 6იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაღლილი იესო წყაროსთან ჩამოჯდა. იქნებოდა ასე მეექვსე საათი.
7და მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ასავსებად. ეუბნება მას იესო: „მასვი მე წყალი!“ 8რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად. 9ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ, შენ, ებრაელი, წყალს მთხოვ მე, სამარიელ ქალს?“ (რადგან ებრაელებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)#ეზრ 4:1-5; ნეე 4:1,2. 10მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე ღმერთის ნიჭი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი შემასვიო, მაშინ თვითონ შენ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“ 11ეუბნება მას ქალი: „უფალო, არც ჯამი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდანა გაქვს ცოცხალი წყალი? 12ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა? და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ძენიც და მისი პირუტყვიც?“ 13მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, 14ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, გადაიქცევა მასში წყაროდ, რომლიდანაც წყალი საუკუნო სიცოცხლედ იდენს.“ 15ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“
16ეუბნება მას: „წადი, შენს ქმარს მოუხმე და მოდი აქ.“ 17მიუგო ქალმა და უთხრა: „არა მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „კარგად თქვი: ქმარი არა მყავს, – 18რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“ 19ეუბნება მას ქალი: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია თაყვენისცემის ადგილი.“ 21ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. 22თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა ებრაელთაგანაა. 23მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს. 24ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ მას სულითა და ჭეშმარიტებით.“ 25ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. როდესაც ის მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“
26ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკები.“ 27ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: „რას ეძიებ?“ ან: „რას ელაპარაკები მას?“ 28ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს: 29„წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ 30ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მისკენ წამოვიდნენ.
31ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“ 32მან უთხრა მათ: „მე მაქვს საკვები, რომელიც თქვენ არ იცით.“ 33მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“ 34ეუბნება მათ იესო: „ჩემი საკვებია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. 35განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? და აჰა, მე გეუბნებით თქვენ: თვალი აახილეთ და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36მომკელი უკვე იღებს თავის საზღაურს და აგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. 37ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ‘ერთი თესავს და სხვა იმკის.’ 38მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“
39ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: „ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენია.“ 40ამიტომ, როდესაც მივიდნენ მასთან სამარიელები და სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, იგი ორ დღეს დარჩა იქ. 41და კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით. 42უთხრეს ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი არა გვწამს, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი.“
43და ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეაში წავიდა. 44რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი. #მთ 13:57; მრკ 6:4; ლკ 4:24. 45როდესაც გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. #იო 2:23.
46კვლავ მივიდა იესო გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფისკაცი, რომელსაც ძე ჰყავდა ავად კაპერნაუმში. #იო 2:1-11. 47მან გაიგო, რომ იესო იუდეიდან გალილეაში იყო მისული; მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48უთხრა იესომ მას: „თუ ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ, ისე არა გწამთ.“ 49ეუბნება მას მეფისკაცი: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ძე არ მომკვდარა.“ 50ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი ძე.“ ირწმუნა კაცმა სიტყვა, რომელიც უთხრა იესომ და წავიდა. 51შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს: „ცოცხალია შენი ძე.“ 52ჰკითხა მათ: „რომელ საათზე გამომჯობინდა?“ უთხრეს: „გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.“ 53ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის დრო იყო, როდესაც იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი ძე.“ და ირწმუნეს მან და მთელმა მისმა სახლეულმა. 54ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
Šiuo metu pasirinkta:
John 4: სბს
Paryškinti
Dalintis
Kopijuoti
Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013