YouVersion Logo
Search Icon

Prayer of Manasseh 1

1
1უფალო ყოვლისმპყრობელო, ჩვენი მამა-პაპის – აბრაამის, ისააკის, იაკობისა და მათი მართალი მოდგმის ღმერთო, 2რომელმაც შეჰქმენი ცა და მიწა მთელი მათი დიდებულებით, 3დაიურვე ზღვა შენი განგების სიტყვით და დაგმანე უფსკრული შენი საშინელი და დიადი სახელით, 4რომელიც ყველას თავზარსა სცემს და ძრწიან შენი ძალმოსილების წინაშე. 5რადგანაც წინააღუდგომელია შენი დიდების ბრწყინვალება და გაუსაძლისია შენი რისხვა, ცოდვილებს რომ დაატეხ თავზე. 6მაგრამ განუზომელია და გონებამიუწვდომელი მოწყალება შენი აღთქმისა. 7რადგანაც შენა ხარ უფალი უზენაესი, ლმობიერი, სულგრძელი და მრავალმოწყალე, კაცთა ცოდვების გამო მონანული. 8შენი ლმობიერების სიუხვით დაუწესე, უფალო, სინანული და აღუთქვი ცოდვათა მიტევება შენს მიმართ შემცოდეთ. 9უფალო, მართალთა ღმერთო, არ დაგიწესებია სინანული მართალთათვის – აბრაამის, ისაკისა და იაკობისთვის, არამედ მე, ცოდვილს, დამიწესე სინანული, 10რადგანაც ზღვის ქვიშაზე უმეტესია ჩემი ცოდვები და იმრავლა ჩემმა ურჯულოებამ, უფალო; იმრავლა და არა ვარ ღირსი იმისა, რომ ცის სიმაღლეს ვუმზერდე ჩემი ურიცხვი უსამართლობის გამო. 11წელში მოვხრილვარ რკინის ბორკილთა სიმძიმით, ასე რომ, თავიც კი ვერ ამიწევია, და არა მაქვს მოსვენება, რადგანაც განგარისხე, უკუღმართად ვიქცეოდი შენს წინაშე, არ აღვასრულე შენი ნება, არ დავიცავი შენი მცნებანი, დავამკვიდრე სიბილწე და ვამრავლე საცთური. 12ახლა კი მომიდრეკია ჩემი გულის მუხლი და შეწყალებას გემუდარები. 13ვცოდე, უფალო, ვცოდე და ჩემი ურჯულოებანი მე თვითონ ვიცი. 14და მაინც გევედრები, მომიტევე, უფალო, მომიტევე, ნუ დამღუპავ ჩემი ურჯულოების გამო და საუკუნოდ ნუ გამწირავ ქვესკნელისათვის, რადგანაც შენა ხარ მონანულთა ღმერთი. 15მოავლინე ჩემზე შენი სიკეთე და მიხსენი მე, უღირსი, შენი უსაზღვრო გულმოწყალებით. 16და მთელი ჩემი დღე და მოსწრება შენი მადიდებელი ვიქნები, რადგანაც შენ გიგალობენ ზეცის ყოველნი ძალნი და შენია დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in