YouVersion Logo
Search Icon

Revelation 22

22
1და მაჩვენა ცოცხალი წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღმერთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. #ეზკ 47:1; ზაქ 14:8. 2მისი ქუჩის შუაგულში და მდინარის გაღმა და გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტგვარ ნაყოფს და ყოველ თვეში იძლევა ნაყოფს, ხოლო ხის ფოთლები ერების განსაკურნებლადაა. #დაბ 2:9. 3და დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება. ღმერთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას. #ზაქ 14:11 (შეად. დაბ 3:17). 4და იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი იქნება მათ შუბლზე. 5და აღარ იქნება იქ ღამე და აღარ დასჭირდებათ არც სანთლის ნათელი და არც მზის სინათლე, რადგან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. #ესა 60:19; დან 7:18.
6და მითხრა მე: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე.“
7„და, აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.“
8მე, იოანემ, გავიგონე და ვიხილე ეს. და როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე თაყვანის საცემად იმ ანგელოზის ფეხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. 9და მან მითხრა: „ნუ იზამ ამას, რადგან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმების, და მათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი.“ 10და მეუბნება მე: „ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. 11უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და წაბილწული კვლავ იბილწებოდეს, მართალი კვლავ სამართლიანობდეს და წმიდა კვლავ იწმიდებოდეს. #დან 12:10. 12აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მის საქმეთამებრ მივუზღა. #ესა 40:10; 62:11; ფს 28:4; ესა 40:10; იერ 17:10. 13მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.“#გცხ 1:8; ესა 44:6; 48:12; გცხ 1:17; 2:8. 14ნეტარ არიან, რომლებიც იცავენ მის მცნებებს,#22:14 სხვა ხელნაწ. რეცხენ თავიანთ სამოსს რომ ჰქონდეთ ხელმწიფება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. #დაბ 2:9; 3:22. 15მის გარეთ არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და სიცრუის ყოველი მოყვარული და ჩამდენი. 16„მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, განთიადის ბრწყინვალე ვარსკვლავი.“ #ესა 11:1,10. 17და სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ და ამის გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს ცოცხალი წყალი. #ესა 55:1. 18მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე დაუმატებს მათ, ღმერთი დაუმატებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. #რჯ 4:2; 12:32. 19თუ ვინმე რამეს დააკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი დააკლებს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. 20ამბობს ამის დამმოწმებელი: „ჰე, მოვალ მალე!“ ამინ, მოდი, უფალო იესო! 21ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან.

Currently Selected:

Revelation 22: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in