YouVersion Logo
Search Icon

Nehemiah 6

6
1და როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და დანარჩენმა ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და არ დარჩენილა მასში ბზარი, – თუმცა იმ ხანად კარებები ჯერ კიდევ არა მქონდა ჩაყენებული კარიბჭეებში, 2სანბალატმა და გეშემმა მომიგზავნეს მსახური და შემომითვალეს: წამო, ონოს ხეობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთო. მათ განზრახული ჰქონდათ ჩემთვის ბოროტება გაეკეთებინათ. 3მაგრამ მე მოციქულები გავუგზავნე და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვაკეთებ და ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, თუ მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ?“ 4და ოთხჯერ მომიგზავნეს ამ სიტყვით და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე. 5და ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა. 6და ეწერა მასში: „ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული, ამისათვის აშენებ კედელს. და შენ მათი მეფე იქნები, ამავე ხმების თანახმად. 7და წინასწარმეტყველნიც დაგიყენებია, რათა იერუსალიმში იქადაგონ შენზე და თქვან: მეფე არისო იუდაში! და ახლა მეფის ყურამდე მივა ეს ხმები. ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ.“ 8მე კაცი გავუგზავნე და შევუთვალე: „ასეთი რამ, რასაც შენ ამბობ, არ ყოფილა, რადგან შენი ჭკუიდან ჩმახავ მაგას!“ 9ყველანი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, ფიქრობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვერ დაასრულებენო. მაგრამ ახლა უფრო განვამტკიცე ჩემი ხელები.
10შემაყიას, დელაიას, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.“ 11მაგრამ მე ვუთხარი: „ჩემისთანა კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ან ჩემისთანა კაცი თავის გადასარჩენად ტაძარში როგორ უნდა შევიდეს? მე არ შევალ.“ 12მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული. 13მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ. 14გაიხსენე, ღმერთო ჩემო, ტობია და სანბალატი მათი საქმეებისამებრ; და აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომელთაც ჩემი დაშინება სურდათ.
15და დასრულდა კედელი ელულის ოცდახუთში – 52 დღეში. 16ეს რომ ყველა ჩვენმა მტერმა გაიგო და ყველა ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ხალხმა დაინახა, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ღვთის შეწევნით გაკეთდა ეს საქმე. 17იმავე დღეებში იუდას დიდებულთა მრავალ წერილს ღებულობდა ტობია და ისინი ღებულობდნენ მის წერილებს. 18რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო და მის ძეს, იეჰოხანანს, ცოლად ჰყავდა მეშულამის, ბერექიას ძის, ასული. 19და მის კეთილ საქმეებზე ჩემს წინაშე ლაპარაკობდნენ. ჩემი სიტყვები მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა დასაშინებლად.

Currently Selected:

Nehemiah 6: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in