YouVersion Logo
Search Icon

Micah 5

5
1ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო; ალყა შემოგვარტყეს, კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს. 2შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა მე ის, ვინც იხელმწიფებს ისრაელში, და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.#მთ 2:6; იო 7:42. 3ამიტომ მიუშვეს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს. დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.
4დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის, სახელის სიდიადით, და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე. 5და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში, და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. 6დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისაგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და, როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს.#დაბ 10:8-11. 7და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე. აღარ ექნება კაცის იმედი, და აღარ დაენდობა ადამიანებს. 8და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის, როგორც ლომი ტყის ნადირთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში – თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი. 9აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე. 10მაშინ იქნება, – ამბობს უფალი, – რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ. 11გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხესიმაგრეს. 12ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები. 13შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს, და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს. 14ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან, და დავაქცევ შენს ქალაქებს. 15რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.

Currently Selected:

Micah 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in