YouVersion Logo
Search Icon

Malachi 3

3
1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელზეც ამბობთ, რომ ეძიებთ: აგრეთვე აღთქმის ანგელოზი, რომელიც თითქოს და გეთნევათ, აჰა, მოდის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –#მთ 11:10; მრკ 1:2; ლკ 1:76; 7:27. 2მაგრამ ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით.#იოლ 2:11; გცხ 6:17. 3დაჯდება, როგორც ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევის მოდგმას და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი. 4მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წლებში. 5და აჰა, მოვალ თქვენს განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა, მრუშთა და ფიცის გამტეხთა წინააღმდეგ, მოჯამაგირისათვის გასამრჯელოს დამკავებელთა, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა და ხიზანთა შემვიწროებლების წინააღმდეგ, და მათ წინააღმდეგ ვინც არ მეკრძალვის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 6რადგან მე, უფალი ვარ – არ შევცვლილვარ; და თქვენც, იაკობის ძენო, არ შეცვლილხართ. 7თქვენი წინაპრების დღეებიდან მოყოლებული, გადაუხვიეთ ჩემს რჯულს და არ აღასრულებდით მას. მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. თქვენ კი ამბობთ: როგორ მოვბრუნდეთო? 8განა ადამიანი უნდა ატყუებდეს ღმერთს? თქვენ კი მაინც მატყუებთ მე და ამბობთ: როგორ გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში! 9წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მატყუებთ მე მთელი ერი. 10სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.#ლევ 27:30; რცხ 18:21-24; რჯ 12:6; 14:22-29; ნეე 13:12. 11შენთვის დავაკავებ მღრნელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ ვენახში ვაზი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 12ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 13მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, – ამბობს უფალი, – თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო? 14ამბობთ: ამაოა ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მონანულად სიარული ყოვლისშემძლე უფლის წინაშე? 15აჰა, ვხედავთ, რომ ნეტარ არიან ამპარტავნები, ხოლო, ბოროტმოქმედნი არა მარტო აშენდნენ, არამედ ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენ.
16როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ყურს უგდებდა უფალი, ისმენდა და იწერებოდა მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მადიდებელთათვის. 17ჩემი უნჯი იქნებიან ისინი, იმ დღისათვის, რომელსაც ვამზადებ – ამბობს ყოვლიშემძლე უფალი, – და დავინდობ მათ, როგორც მამა დაინდობს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. 18მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის.

Currently Selected:

Malachi 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in