Genesis 41
41
1და ორი წლის თავზე დაესიზმრა ფარაონს: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას, 2და ნილოსიდან ამოდის კარგი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში. 3და აჰა, ამოჰყვება მათ ნილოსიდან კიდევ შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას. 4და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს. 5და დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. 6და აჰა, შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ. 7და გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი და ამაზე გაეღვიძა ფარაონს და მიხვდა, რომ ეს იყო სიზმარი. 8დილით შეშფოთდა მისი სული, იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები და ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.#დან 2:2.
9და დაელაპარაკა მწდეთუხუცესი ფარაონს და უთხრა: „ჩემი ცოდვები მახსენდება დღეს. 10ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად. 11და დაგვესისზმრა სიზმარი ერთ ღამეს მეც და მასაც, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი დაგვესიზმრა. 12იქ ჩვენთან ერთად იყო ერთი ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ. 13და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.“
14და მიავლინა ფარაონმა იოსების მოსახმობად. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. მან გაიპარსა, გამოიცვალა სამოსელი და წარუდგა ფარაონს. 15და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.“ 16და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.“ 17და უამბო ფარაონმა იოსებს: „სიზმარში ვნახე, აჰა, ვდგავარ მდინარის პირას. 18და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლელიანში დაიწყეს ძოვა. 19აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანი და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ. მთელ ეგვიპტეში მათზე უგვანო არაფერი მინახავს. 20და შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა. 21და ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და ისეთივე უსახონი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ, და გამომეღვიძა. 22და კვლავ ვიხილე სიზმარში: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. 23და აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. 24და ჩაყლაპეს ამ თავთავებმა ის შვიდი საღი თავთავი. და ვუამბე მე ეს გრძნეულებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.“
25და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვს, რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნობს ფარაონს: 26შვიდი საღი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელია; ეს ერთი სიზმარია. 27და შვიდი ძროხა, მჭლე და უგვანი, მათ შემდეგ ამოსული, შვიდი წელია. და შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელიწადია. 28ეს არის, რაც ფარაონს ვუთხარი; ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს. 29და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. 30და დადგება შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და გაქრება ბარაქა ეგვიპტეში, და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას. 31და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილობის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება. 32და რაკი გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილია ღვთისაგან ეს საქმე და ღმერთი დაააჩქარებს მის აღსრულებას. 33და ახლა გამონახოს ფარაონმა გამჭრიახი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას განმგებლად. 34ასე უნდა გააკეთოს ფარაონმა: ზედამხედველები დაადგინოს ქვეყანაში, რათა მოსავლის მეხუთედი ახდევინონ ხალხს შვიდ მოსავლიან წელიწადში. 35და დააგროვონ ამ მომავალი დოვლათიანი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ მარცვალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ, და გაუფრთხილდნენ. 36და იყოს ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილობის დროს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.“
37და მოეწონათ ნათქვამი ფარაონსა და მის მსახურთ. 38და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ისეთ კაცს, როგორიც ეს არის, რომელშიც ღვთის სულია?“ 39და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, აქ არავინაა შენზე გამჭრიახი და ბრძენი! 40შენ იქნები ჩემი სახლის გამგებელი და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.“#საქ 7:10. 41და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ 42და წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა იოსებს ხელზე. და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს ჯაჭვი კისერზე.#დან 5:29. 43და ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით და ეყვირათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ!“ და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ თითსაც ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“ 45და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის – ფოტიფერაყის ასული. და ცნობილი გახდა იოსები ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
4630 წლისა იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა. 47და სიუხვის შვიდწლეულში გამოიღო მიწამ დიდი მოსავალი. 48და შეაგროვა მან შვიდი წლის საზრდო – მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და მოიმარაგა საზრდო ქალაქებში. თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. 49და დაახვავა იოსებმა მარცვლეული ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
50შიმშილობის წლების დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. 51და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მანაშე, რაც ნიშნავს: „დამავიწყა მე ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა და სახლი მამაჩემისა.“ 52და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რაც ნიშნავს: „ნაყოფიერ-მყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.“
53და გასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა. 54და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. და იყო შიმშილობა ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.#საქ 7:11. 55და დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. და უთხრა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.“#იო 2:5. 56და იყო შიმშილობა მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა. 57და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელ ქვეყანაზე.
Currently Selected:
Genesis 41: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა