Esther (Hebrew) 5
5
1მესამე დღეს შეიმოსა ესთერი დედოფლურად და დადგა მეფის სასახლის შიდა ეზოში, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ. 2და, როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაუწოდა მეფემ მას ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, და მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო. 3და უთხრა მას მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? და რა სათხოვარი გაქვს? თუნდაც ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა! 4და უთხრა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას. 5და ბრძანა მეფემ: სასწრაფოდ დამიძახეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის სიტყვა! და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერს ჰქონდა მომზადებული. 6და უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება! 7და მიუგო ესთერმა: ეს არის ჩემი სახვეწარი და სათხოვარი: 8თუ მადლი მიპოვია მეფის თვალში და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და ჩემი სახვეწრის აღსრულებას, მოვიდეს მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც მათ მოვუმზადებ, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ!
9და გავიდა ჰამანი იმ დღეს მხიარული და გულსავსე, მაგრამ როგორც კი ჰამანმა მეფის კარიბჭესთან თვალი მოჰკრა მორდექაის, რომელიც არ წამომდგარა მის წინაშე და არც განძრეულა, რისხვით აღეგზნო ჰამანი მორდექაის მიმართ. 10მაგრამ შეიკავა თავი ჰამანმა და მივიდა თავის სახლში და დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი. 11და მოუთხრო მათ ჰამანმა ამბავი თავისი დიდი დოვლათის, თავისი უამრავი ვაჟისა და ყოველივე იმისა, რითაც განადიდა იგი მეფემ და აღაზევა მეფის მთავრებზე და მსახურებზე. 12და თქვა ჰამანმა: დედოფალ ესთერს არავინ მოუწვევია მეფესთან ერთად თავის მომზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი და მე ხვალაც მიწვეული ვარ მასთან მეფესთან ერთად. 13და ეს ყოველივე არაფრად მიღირს მანამ, სანამ იუდაელ მორდექაის ვხედავ მეფის კარიბჭესთან მჯდარს. 14და უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მისმა მეგობარმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოახრჩონ მორდექაი, მერე წადი მეფესთან ერთად ნადიმზე მხიარული. და მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
Currently Selected:
Esther (Hebrew) 5: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა